თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. ბლოკის „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერმა ხელისუფლება არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა და საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მოუწოდა, დამარცხება აღიაროს.
არჩევნებში მონაწილეობენ 19 პარტია, 6 საარჩევნო ბლოკი და დამოუკიდებელი კანდიდატები. ცესკოს მონაცემებით, 17:00 საათისთვის ამომრჩევლის აქტიურობამ 42,05% შეადგინა.
„მივმართავ გიორგი კვირიკაშვილს, აღიაროს დამარცხება და მოიქცეს ვაჟკაცურად“, – განაცხადა ბურჭულაძემ ბრიფინგზე და დასძინა, რომ მიდის არჩევნების ტოტალური გაყალბება.
მან ასევე ყველას სიმშვიდისკენ მოუწოდა, ხოლო სპეცრაზმს – არ შეეხოს მშვიდობიან მოსახლეობას, რომელსაც სამართლიანობის აღდგენა სურს.
„ასეთ ქცევებს ხელისუფლება მიმართავს მაშინ, როცა ის აგებს არჩევნებს“, – აღნიშნა ბურჭულაძემ.
მასობრივი ჩხუბი მარნეულის რაიონის №48 საარჩევნო უბანზე მოხდა, სადაც მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი აზერბაიჯანელია. ჩხუბში 200–მდე ადამიანი მონაწილეობდა. ისინი ერთმანეთს ქვებს ესროდნენ. საარჩევნო უბანზე მინებია ჩამსხვრეული.
სოფელ ყიზილ–აჯლოში, ვითარების სტაბილიზებისთვის, სპეცრაზმია მობილიზებული. ამ დროისთვის საარჩევნო უბანზე სპეცრაზმისა და პოლიციის წარმომადგენლები იმყოფებიან, უბნიდან დამკვირვებლები დაცვის ქვეშ გამოჰყავთ. სპეცრაზმის მიერ შემოსაზღვრული ტერიტორიის მიღმა რამდენიმე ასეული ადამიანი იმყოფება.