თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ინფორმაციას, რომ სკოლების მასწავლებლებზე წინასაარჩევნო პერიოდში ზეწოლას ახდენენ, აბსოლუტური სიცრუე უწოდა.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს ჩატარდება. მასში მონაწილეობენ 19 პარტია, 6 საარჩევნო ბლოკი და დამოუკიდებელი კანდიდატები. წინასაარჩევნო კამპანია 8 ივნისს დაიწყო.
„ამ ბრალდებებს ამჟამად არანაირი საფუძველი არა აქვს. შეიძლება, კონკრეტულ შემთხვევებში, კონკრეტული მასწავლებელი ან კონკრეტული დირექტორი რაღაც თავისი ინიციატივით რამეს აკეთებდეს და ის ძალიან მკაცრად დაისჯება, იმიტომ რომ ჩვენ გვჭირდება აბსოლუტურად დეპოლიტიზებული სკოლა, და აბსოლუტურად იზოლირებული პოლიტიკური პროცესებისგან“, — განაცხადა ჯეჯელავამ მთავრობის სხდომაზე.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ უწყებას ინფორმაცია პედაგოგებზე ზეწოლის კონკრეტული ფაქტების თაობაზე არა აქვს. მან განაცხადა, რომ სკოლა და მასწავლებლები მსგავსი ინტრიგებისგან მაქსიმალურად დაცული უნდა იყვნენ.
ჯეჯელავამ აღნიშნა, რომ შეხვედრები გამართა განათლების სამინისტროს რესურს-ცენტრების თანამშრომლებთან იმასთან დაკავშირებით, რომ პარტიების წარმომადგენლებმა სკოლებში არანაირი ღონისძიებები არ უნდა გამართონ. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ მშობლებს, რესურს-ცენტრების თანამშრომლებსა და პედაგოგებს უფლება აქვთ, საკუთარი პოლიტიკური მოსაზრებები ჰქონდეთ, მაგრამ მათი გამოხატვა მხოლოდ სკოლის გარეთ შეუძლიათ.
ამ დღეებში სხვადასხვა პოლიტიკურმა პარტიამ გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პედაგოგებზე ზეწოლას ახდენენ იმ მიზნით, რომ მათ მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ მისცენ ხმა.