თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში 8 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში, უსინათლოებს საშუალება ექნებათ ხმა სპეციალური ტრაფარეტების საშუალებით მისცენ, იტყობინება სააგენტო „ნოვოსტი გრუზია“ ცესკოს პრეს-სპიკერზე ანი მიქელაძეზე დაყრდნობით.
ცესკომ 40-ზე მეტი ქვეყნის გამოცდილება შეისწავლა, შექმნა სპეციალური კომისია, რომელიც არასამთვრობო ორგანიზაციებთან ერთად მუშაობდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ხმის მიცემის პროცედურებზე.
„ჩვენ იმ დასკვნამდე მივედით, რომ საუკეთესო გამოსავალი უნივერსალური ტრაფარეტული ბიულეტენების დამზადებაა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. ყველა საარჩევნო უბანზე ასეთი ტრაფარეტები იქნება დაწვრილებითი აუდიო —ინსტრუქციით და პოსტერებით სმენადაქვეითებულთათვის“, — თქვა მიქელაძემ.
ბრაილის შრიფტიანი ბიულეტენები არ იქნება, რადგან ბევრი უსინათლო მოქალაქე ვერ ფლობ მას, აღნიშნა მიქელაძემ.
„ჩვენ ტრაფარეტული ბიულეტენების ტესტირება ჩავატარეთ. გავაკეთეთ არჩევნების სიმულაცია 10 უსინათლოს მონაწილეობით. აუცილებელი ინსტრუქციის მოსმენის შემდეგ, ყველამ შეძლო თავისი არჩევანის გაკეთება“, — თქვა მიქელაძემ.
ტრაფარეტული ბიულეტენები უსინათლოებისათვის საქართველოში პირველად 2013 წლის არჩევნებში გამოიყენეს. ყოველ საარჩევნო უბანზე თითო ტრაფარეტი იქნება უსინათლოებისათვის.
რაც შეეხებათ სმენადაქვეითებულებს, მათთვის საარჩევნო კაბინებში განთავსებული იქნება წერილობითი ინსტრუქციები. მსგავსი ინსტრუქციები იქნება საარჩევნო უბნის შენობაშიც.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 8 ოქტომბერს გაიმართება.