თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. საქართველო პარიზის კლიმატის შეთანხმების რატიფიკაციას 2017 წელს მოახდენს, განუცხადა საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზიას“ გარემოს დაცვის სამინისტროს კლიმატის ცვლილებების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლაზრიევმა.
ხუთშაბათს ცნობილი გახდა, რომ პარიზის შეთანხმება სულ ცოტა 55 ქვეყნის რატიფიკაციიდან 30 დღეში ამოქმედდება. ამჟამად შეთანხმება რატიფიცირებულია კონვენციის მონაწილე 72 სახელმწიფოს მიერ.
საქართველომ და 195 ქვეყნის წარმომადგენლებმა გაეროს, ყველასათვის სავალდებულო, ახალი კლიმატური ჩარჩო-შეთანხმება 2015 წლის 12 დეკემბერს მოიწონეს, რომელიც 2020 წლის შემდეგ სათბური გაზების გამოტყორცნის მოცულობასა და კლიმატის ცვლილების აღსაკვეთ ზომებს განსაზღვრავს.
ამ შეთანხმებას გაეროს შტაბ-ბინაში, ნიუ-იორკში, ამა წლის აპრილში ხელი მოაწერა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა.
შეთანხმება არ მოიაზრებს წიაღისეულ საწვავზე უარის თქმასა და გამონაბოლქვი ნახშირორჟანგის საერთო რაოდენობის შეზღუდვას. თუმცა უკლებლივ ყველა ქვეყანამ უნდა დასახოს გამონაბოლქვის შემცირების, ტექნოლოგიური გადაიარაღებისა და კლიმატურ ცვლილებებთან ადაპტაციის ეროვნული მიზნები.