თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. ქალაქ გორთან ახლოს ქარის პირველი ელექტროსადგური „ქართლი“ გაიხსნა. მისი დადგმული სიმძლავრეა 20,7 მვტ.
„დღეს ჩვენ უკვე გვაქვს თანამედროვე სტანდარტების ქარის ელექტროსადგური, რომელიც ფუნქციონირებს ალტერნატიული ენერგიის წყაროს გამოყენებით. თავისი სპეციფიკიდან და მახასიათებლებიდან გამომდინარე, ეს ელექტროსადგური მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, რომლის ღირებულებაც 34 მილიონ დოლარს შეადგენს“, — განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ელექტროსადგურის გახსნის ცერემონიაზე.
მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო გარემოს დაბინძურების პრობლემას ებრძვის, ენერგიის ალტერნატიული წყაროს ამოქმედება საქართველოსთვის წინგადადგმული დიდი ნაბიჯია, აღნიშნა პრემიერმა. მისი გამოსვლა ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში გადაიცა.
„ეს არის როგორც ეკონომიური, ისე ეკოლოგიური და უსაფრთხო ჩვენი მოსახლეობისთვის“, — აღნიშნა პრემიერმა.
კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD), ასევე კონტრაქტორ კომპანიებს, რომლებმაც ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა უმოკლეს ვადებში დაასრულეს.
განსაკუთრებული მადლობა პროექტის განხორციელებისთვის პრემიერმა ენერგეტიკის ყოფილ მინისტრს კახა კალაძეს გადაუხადა.
„დღევანდელი დღე კიდევ ერთი დასტურია, რომ საქართველო ხდება ცივილიზებული მსოფლიოს ნაწილი. ამ პროექტის განხორციელებით ჩვენ მაქსიმალურად ვნერგავთ ყველა იმ სიახლეს, რომლითაც საქართველო იქცევა ჭეშმარიტად განვითარებული ტექნოლოგიების ქვეყნად“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.
ამჟამად ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრეა 20,7 მვტ, პერსპექტივაში ის შეიძლება 300 მვტ-მდე გაიზარდოს.
პროექტი განახორციელა საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტროსთან თანამშრომლობით. პროექტის საერთო ღირებულებიდან 24 მლნ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა გამოყო, ხოლო 10 მლნ — საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ.
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ ქარის რესურსების ათვისების დაწყების თაობაზე 2013 წლის სექტემბერში განაცხადა.