თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ჩვენი სამშობლო“ ხუთშაბათს აქცია-პერფორმანსის გამართვას აპირებს საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკრძალვის სახით, უთხრეს Sputnik-ს პარტიაში. აქცია ნაშუადღევს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან დაიწყება. აქციის მონაწილეები აპირებენ კუბო სააკაშვილის ფიტულით აშშ-საელჩოს შენობასთან მიიტანონ.
„ამით პარტია პროტესტს გამოთქვამს გავრცელებული ინფორმაციის გამო, რომ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლას აპირებს. პარტია შეახსენებს მას და მის მომხრეებს, რომ მისი მოღვაწეობა საქართველოში წარსულში დარჩა და რომ როგორც პოლიტიკური ფიგურა იგი მკვდარია“, — ნათქვამია პარტიის შეტყობინებაში.
საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველო მისი ახალი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის არჩევის შემდეგ დატოვა. თავდაპირველად იგი აშშ-ში გაემგზავრა, სადაც ერთ-ერთ ამერიკულ უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს, ხოლო შემდეგ კიევში ჩავიდა და უკრაინის ხელისუფლებასთან მჭიდრო ურთიერთობების წყალობით ძალიან მალე ოდესის გუბერნატორის პოსტი დაიკავა და უკრაინის მოქალაქეობა მიიღო.
სააკაშვილის საქართველოდან წასვლის შემდეგ მის წინააღმდეგ ოთხი სისხლის სამართლის საქმე აღძრეს და მასზე შიდასახელმწიფოებრივი ძებნა გამოცხადდა
პარტია „ჩვენი სამშობლო“ 2015 წელს დაარსდა. მისი თავმჯდომარეა ზვიად ჩიტიშვილი. 2016 წელს „ჩვენი სამშობლო“ გაერთიანდა პარტიასთან „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“. მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ისინი ერთ ბლოკად — „თოფაძე-მრეწველები, ჩვენი სამშობლო“ იღებენ მონაწილეობას.