თბილისი, 5 ოქტომბერი— Sputnik. საქართველოში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მოკლევადიანი მისია საპარლამენტო არჩევნებამდე სამი დღით ადრე ჩამოვიდა.
დელეგაციას IRI-ს პრეზიდენტი მარკ გრინი ხელმძღვანელობს.
„ჩვენი დელეგაცია 30 კაცისგან შედგება. ისინი საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში არიან გადანაწილებული. ჩვენ მოხარული ვართ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამ არჩევნებზე მოგვიწვია. IRI-ს მონაცემებით, ეს საკმაოდ კონკურენტული პროცესია და ჩვენ ამ პროცესში ჩართვას მოუთმენლად ველით“, — განაცხადა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში ორგანიზაციის დამკვირვებელმა სტივ ნიკსმა.
მან იმედი გამოთქვა, რომ არჩევნები კარგად იქნება ორგანიზებული და მშვიდ გარემოში ჩატარდება.
ვიზიტის პირველ დღეს IRI-ს დამკვირვებლები შეხვედრებს თბილისში გამართავენ, ხოლო ხუთშაბათს რეგიონებში გაემგზავრებიან, სადაც 8 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების მსვლელობას დააკვირდებიან.
IRI-ს მისიის გრძელვადიანი დამკვირვებლები საქართველოში 1 აგვისტოდან იმყოფებიან და ქვეყნის ცალკეულ რეგიონებში წინასაარჩევნო კამპანიას აკვირდებიან.
არჩევნებში მონაწილეობას 19 პარტია, 6 საარჩევნო ბლოკი და დამოუკიდებელი კანდიდატები იღებენ.