თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. ქართველი სამხედროები, რომლებიც ავღანეთში სამშვიდობო მისიაში მონაწილეობენ, პარლამენტის დეპუტატებს დილიდან ირჩევენ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე (ცესკო) დაყრდნობით.
ავღანეთში არჩევნები ბაგრამისა და მაზარი შარიფის უბნებზე უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე საქართველოს ტერიტორიაზე. საქართველოში, ასევე საზღვარგარეთის 41 ქვეყანაში დეპუტატებს 8 ოქტომბერს აირჩევენ.
„ორივე საარჩევნო უბანი ავღანეთში დროულად გაიხსნა. კენჭისყრა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ამომრჩევლის გამოცხადებაზე პირველი მონაცემები მოგვიანებით იქნება ცნობილი“, — განაცხადა ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ.
ავღანეთში კენჭისყრაში მონაწილეობას საქართველოს 1604 მოქალაქე შეძლებს. მათ საშუალება ექნებათ ხმა მისცენ მხოლოდ პროპორციული წესით — მათთვის სასურველ საარჩევნო ბლოკს ან პარტიას. მაჟორიტარულ დეპუტატებს მხოლოდ საქართველოში აირჩევენ.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 8 ოქტომბერს გაიმართება. მასში მონაწილეობს 19 პარტია და 6 საარჩევნო ბლოკი.
„მტკიცე მხარდაჭერა“ (Resolute Support) ნატოს არასაომარი მისიაა, რომელიც ავღანეთის სამთავრობო ძალების სწავლებასა და დახმარებას ითვალისწინებს.
მისია აშშ–ისა და მისი მოკავშირეების საომარი სტადიის დასრულების შემდეგ, 2015 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. ამჟამად ნატოს მისიაში 870 ქართველი სამხედრო მონაწილეობს, რომელთაგან 13 ქალია.