თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. აშშ-ის საელჩომ საქართველოში დაგმო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, პარლამენტის დეპუტატ გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქება და პარტიებს ძალადობისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა.
დეპუტატის ავტომობილი თბილისის ცენტრში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან ახლოს აფეთქდა. ავტომობილში აფეთქების დროს იმყოფებოდნენ თარგამაძე და მისი მძღოლი. მათ მსუბუქი დაზიანებები მიიღეს, სერიოზულად კი გამვლელები დაშავდნენ.
„აშშ-ის საელჩო გმობს ძალადობრივ ქმედებებს, რომელიც ზიანს აყენებს საქართველოს მოქალაქეებსა და ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესს. საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად ჩვენ მოვუწოდეთ ყველა პოლიტიკურ ძალას თავი შეიკავოს ძალადობისაგან და პატივი სცეს კანონის უზენაესობას“, — აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში, რომელიც დიპლომატიური მისიის „ფეისბუქის“ გვერდზეა განთავსებული.
წყნარი და მშვიდობიანი წინასაარჩევნო გარემო უმნიშვნელოვანესი პირობაა, რათა 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე საქართველოს მოსახლეობამ თავისი ნების გამოხატვა შეძლოს, — აღნიშნეს საელჩოში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააფრთხილა ისინი, ვინც დაგეგმა და ააფეთქა თარგამაძის მანქანა, რომ ისინი კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯებიან. მან აღნიშნა, რომ გამოძიება უკვე დაწყებულია და დამნაშავეთა დაკავებისთვის ყველა აუცილებელი ღონისძიება ტარდება.
ენმ-ის წარმომადგენლებმა ინციდენტში „ქართული ოცნების“ ბრალეულობაზე მიუთითეს. როგორც „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ აღნიშნა, არის საფუძველი ვარაუდისა, რომ აფეთქებაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე იოსებ გოგაშვილის ხელი ურევია.
ოპოზიციონერების ბრალდებებს აღმაშფოთებელი უწოდა მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ.
ინციდენტი საპარლამენტო არჩევნებამდე 3 დღით ადრე და „ნაცმოძრაობის“ მიერ გამოცხადებული მიტინგის წინა დღეს მოხდა. არჩევნები 8 ოქტომბერს არის დანიშნული.