თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. პოლიციის თანამშრომლებმა პარლამენტის დეპუტატის, ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების ადგილზე ყველა ვიდეოკამერის ჩანაწერი ამოიღო, განუცხადა ჟურნალისტებს შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა.
დეპუტატის ავტომობილი თბილისის ცენტრში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან ახლოს აფეთქდა. ავტომობილში აფეთქების დროს იმყოფებოდნენ თარგამაძე და მისი მძღოლი. მათ მსუბუქი დაზიანებები მიიღეს, ხოლო გამვლელები სერიოზულად დაშავდნენ.
„გუშინ შემთხვევის ადგილზე გვიანობამდე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. საგამოძიებო ჯგუფებმა შემთხვევის ადგილიდან ყველა ვიდეოკამერის ჩანაწერი ამოიღეს. გარდა ამისა, მიმდინარეობს დაზარალებულის გადაადგილების მარშრუტის შესწავლა“, — განაცხადა ხუციშვილმა.
მიმდინარეობს რამდენიმე პირის გამოკითხვა და რაც მთავარია, დაინიშნა ექსპერტიზები, რომლებიც მომხდარზე უფრო მკაფიო წარმოდგენაში დაგვეხმარება, აღნიშნა მან.
საქმეზე შსს-მ აღძრა სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის მუხლით „განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში“. ეს დანაშაული 11-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ინციდენტი საპარლამენტო არჩევნებამდე 3 დღით ადრე და „ნაცმოძრაობის“ მიერ გამოცხადებული მიტინგის წინა დღეს მოხდა. არჩევნები 8 ოქტომბერს არის დანიშნული.