თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საერთაშორისო სადამკვირვებლო დელეგაცია საპარლამენტო არჩევნების დაკვირვებისთვის საქართველოში ჩამოვიდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ ორგანიზაციის წარმომადგენლის დიანა ჩიჩუას ინფორმაციაზე დაყრდნობით.
არჩევნები საქართველოში 8 ოქტომბერს ტარდება.
„არჩევნებს საქართველოში ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის სულ 23 დამკვირვებელი დააკვირდება. მისიაში არიან პოლიტიკოსები, სამოქალაქო ლიდერები, არჩევნების საკითხების სპეციალისტი ექსპერტები. ისინი მუშაობას უკვე შეუდგნენ“, — განაცხადა ჩიჩუამ.
დელეგაციას ექვსი კაცი ხელმძღვანელობს, მათ შორის პოლონეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ევროპარლამენტის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი იანუშ ონიშკევიჩი, ამერიკის შტატ დელავერის ყოფილი სენატორი, NDI-ს სამეურვეო საბჭოს წევრი ტედ კაუფმანი და საქართველოში NDI-ს ოფისის ხელმძღვანელი ლორა ტორნტონი.
თბილისში გაცნობითი ხასიათის შეხვედრების შემდეგ დამკვირვებლები საქართველოს რეგიონებში გაემგზავრებიან. ისინი შეხვდებიან პარტიების წარმომადგენლებს, ადგილობრივ საარჩევნო ადმინისტრაციებს, ადგილობრივ დამკვირვებლებსა და ჟურნალისტებს.
არჩევნების დღეს NDI-ს დამკვირვებლები დააკვირდებიან უბნების გახსნას, ხმის მიცემის პროცესს, უბნების დახურვასა და ხმების დათვლას. მომდევნო დღეს დამკვირვებლები თბილისში შეიკრიბებიან და არჩევნების შესახებ წინასწარ ანგარიშს მოამზადებენ და საზოგადოებას წარუდგენენ.
NDI-ს მონიტორინგის მისიას დემოკრატიის მხარდამჭერი ეროვნული ფონდი (National Endowment for Democracy, NED) აფინანსებს.