თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არჩევნების წინ პოლიტიკურ ძალებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს, რათა ამომრჩეველმა ხმის მიცემა მშვიდ გარემოში შეძლოს, განაცხადა პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა ეკა მიშველაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 8 ოქტომბერს გაიმართება. მასში მონაწილეობს 19 პარტია და 6 საარჩევნო ბლოკი.
„სახელმწიფოს მეთაური ყველა პოლიტიკურ ძალას კიდევ ერთხელ მოუწოდებს სიმშვიდისკენ და შეახსენებს, რომ არჩევნებში მთავარი მოქმედი პირი არის ამომრჩეველი, რომელმაც მშვიდ ვითარებაში უნდა გააკეთოს საკუთარი არჩევანი“, — განაცხადა მიშველაძემ.
პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ სახელმწიფო ინსტიტუციების მხრიდან უზრუნველყოფილი იქნება მოქალაქეების უსაფრთხოება, სამართლიანი და მაღალი სტანდარტის საარჩევნო პროცესი, აღნიშნა მიშველაძემ.
„საქართველომ კიდევ ერთხელ უნდა დაუდასტუროს საკუთარ თავსაც და საერთაშორისო საზოგადოებასაც, რომ ჩვენ შეგვიძლია ცივილური, ევროპული სტანდარტის არჩევნების ჩატარება“, — აღნიშნა მიშველაძემ.
საქართველოში საარჩევნო გარემო ბოლო დროს დაიძაბა. ყველაზე სკანდალური მოვლენა თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილზე თავდასხმა გახდა. ოქრუაშვილი არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატია.
ოქრუაშვილმა თავდასხმაში მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი კახა კალაძე დაადანაშაულა. „ქართულ ოცნებაში“ მის ბრალდებებს ოპონენტების დისკრედიტაციის მცდელობად აფასებენ.
კიდევ ერთი ინციდენტი ზუგდიდის რაიონში მოხდა, სადაც „ქართული ოცნების“ სამი მომხრე სცემეს. ინციდენტში „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ ერთმანეთს ადანაშაულებენ.