თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. ათი ადამიანი დაშავდა მილანის ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე განთავსებულ ბარში მომხდარი აფეთქებისა და შემდგომ გაჩენილი ხანძრის შედეგად, იტყობინება სააგენტო „რია ნოვოსტი“ ტელეარხ RaiNews24-ზე დაყრდნობით.
ინციდენტი კვირა ღამეს მოხდა 01:30 საათზე შენობაში, რომელიც ქალაქის ცენტრის ახლოს არის განლაგებული.
ინციდენტის დროს ბარი დაკეტილი იყო. აფეთქების შემდეგ ხანძარი შენობაში განთავსებულ საცხოვრებელ ბინებს მოედო. სახლის მცხოვრებთა ევაკუაცია დროულად მოხდა, თუმცა 10 ადამიანი საავადმყოფოში მსუბუქი დამწვრობითა და ინტოქსიკაციით გადაიყვანეს.
ამ დროისათვის პოლიცია და სახანძრო სამსახური ცდილობს დაადგინოს აფეთქების მიზეზები.