აგნესა პაპაზიანი
— ქალბატონო ანა, თქვენ საქართველოდან ათ წელზე მეტი ხნის წინ წახვედით და ახლაღა ჩამოხვედით ახლობლების მოსანახულებლად. რას იტყვით, ძალიან შეიცვალა საქართველო ამ ხნის განმავლობაში?
— აქაურობა ლამის ვერ ვიცანი, ისეა შეცვლილი და ეს შეუიარაღებელი თვალით ჩანს. გეგონება სხვა ქვეყანაში ჩამოვედი. ქალაქის ცენტრი, ძველი თბილისი, აღმაშენებლის პროსპექტი — ყველგან საოცარი ცვლილებებია. თბილისი თანდათან უფრო და უფრო პოპულარული ხდება ტურისტებსა თუ უცხოელ სტუდენტებს შორის. ქუჩაში უამრავი უცხოელი დადის — ინდოელი, ლათინოამერიკელი, აფრიკელი თუ ჩინელი…
ქალაქი სუფთაა და მოვლილი, მთლად ევროპულ ქალაქს დამსგავსებია. თბილისელებიც სხვაგვარად გამოიყურებიან — უკვე იღიმებიან, თითქოს მხრებიდან რაღაც მძიმე ტვირთი ჩამოიხსნეს.
შესამჩნევადაა შემცირებული კრიმინალი, თითქმის გამქრალია. მანქანებს ღამით სადარბაზოებთან ტოვებენ პატრონები და ზოგჯერ, არც კეტავენ. ასეთი რამ ყველა ქვეყანაში კი არ ხდება.
და კიდევ: ქუჩებში არ ჩანან შუქნიშნებთან და მოსახვევებში ქრთამის ასაკრეფად ჩასაფრებული „გაიშნიკები“.
— რომელ პერიოდს ადარებთ დღევანდელ ქალაქს?
— 2002 წლის თბილისს, როცა საბერძნეთში წავედი ემიგრაციაში. 90-იანები და 2000-იანი წლები ყველა ჩვენგანისთვის უმძიმესი იყო. უმუშევრობა, ხატოვნად რომ ვთქვა, ახრჩობდა ხალხს და ისინიც გროშების გულისთვის ყველანაირ საქმეს ჰკიდებდნენ ხელს. აბა, წარმოდგინეთ, როგორია, როცა შვილს შია და შენ ლუკმა არ გაბადია, რომ დააპურო… მოკლედ, ადამიანები სასოწარკვეთამდე მიდიოდნენ.
ძალიან ბევრი ემიგრაციაში ხედავდა ხსნას და ქვეყნიდან მიდიოდნენ. ოღონდ მიდიოდნენ არა მაძღრისად საცხოვრებლად, არამედ ორიოდე კაპიკის საშოვნელად, რომ ოჯახისთვის გამოეგზავნათ — ეს იყო ქართველი ემიგრანტების უმთავრესი მიზანი. მათ შორის მრავლად იყვნენ უმაღლესი განათლების მქონენი. ამ კატეგორიაში აღმოვჩნდი მეც.
— გაგიჭირდათ ახალ პირობებთან შეგუება?
— უცხო ქვეყანაში ჩასვლა და იქაურ პირობებთან შეგუება იოლი არ არის. ენობრივი ბარიერი, ტრადიციებსა და ადათ-წესებში გაუცნობიერებლობა, ახალი სოციალური პარამეტრები — ეს ის ამოცანებია, რომლებიც საზღვარგარეთ ყველა წამსვლელის წინაშე იჩენს თავს, მათ შორის, საბერძნეთშიც. თანაც, ამ ყველაფრის პარალელურად, სამსახური უნდა ეძებოს კაცმა.
ერთ ოჯახში მოვეწყე ავადმყოფი მოხუცის მომვლელად. მოვალეობას თავს კი ვართმევდი, მაგრამ… არ იყო ეს ჩემი საქმე. პროფესიით ლიტერატორი ვარ, შემოქმედებით საქმიანობას ვარ ნაჩვევი, იქ კი ყოველდღე მონოტონურად ერთი და იგივე, ერთი და იგივე… არ ვიმჩნევდი, თორემ გული გახეთქვაზე მქონდა. ასე გაგრძელდა რაღაც პერიოდი.
ბერძნულის სწავლა გამიჭირდა. ოჯახი, რომელშიც ვცხოვრობდი, ძალიან მეხმარებოდა. აი, მაგალითად, ისინი მეუბნებოდნენ, როგორ იყო ბერძნულად სიტყვა „მაცივარი“. მე ვიღებდი ფურცელს, ზედ ქართული ასოებით ვწერდი ბერძნულ სიტყვას და ვაკრავდი მაცივარს… კარადას, მაგიდას, დივანს და ასე შემდეგ.
ჩემი იმ დროინდელი წამება წლების მერე მოთხრობებში აღვწერე, რომელთაგან ერთი ქართველი მწერლების კრებულშიც კი გამოაქვეყნეს, ისეთი მეტრების ნაწარმოებების გვერდით, როგორებიც ნოდარ დუმბაძე და ანა კალანდაძე არიან. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მეამაყება, მაგრამ სულაც არ მგონია, რომ ჩემი მოთხრობა მათი ნაწარმოებების თანაბარია.
მოთხრობის სიუჟეტში არაფერია ჩახლართული — ის ძალიან მარტივია, მაგრამ სამშობლოსგან მოშორებით მყოფი ტიპიური ქართველის განცდებს, ემიგრანტის ცხოვრებასთან ადაპტაციის პროცესს აღწერს.
პირადად მე უცხოობაში ცხოვრებასთან ისე შეგუებაში, რომ პიროვნულად არ დავკარგულიყავი, გაზეთი „ელადაში“ მუშაობის დაწყება დამეხმარა. ახლა უკვე მისი მთავარი რედაქტორი ვარ.
— გვიამბეთ გაზეთზე, მის რედაქციაზე…
— გაზეთი ძველი ელადის მიწაზე პირველად 14 წლის წინ გამოიცა სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით. გაზეთი საბერძნეთში მრავალრიცხოვანი ქართული დიასპორის ცხოვრებას აშუქებს. გაზეთი ერთი ევრო ღირს და ორ კვირაში ერთხელ სამათასიანი ტირაჟით გამოდის. ათენის ტიპოგრაფიაში იბეჭდება და ვრცელდება ათენში, სალონიკში, ქალკიდაში, ირაკლიონში, კუნძულ კრეტაზე და სხვა ქალაქებსა და პროვინციებში. ამ ბოლო დროს დანართის გამოცემაც დავიწყეთ, უფრო სწორად, ერთგვარი ალმანახისა, რომელშიც დაახლოებით 30 ქვეყნის ქართული დიასპორის თაობაზე ვაქვეყნებთ მასალებს.
— საქართველოში მიმდინარე მოვლენებს თუ აშუქებთ?
— ძირითადად, საზოგადოებრივ-კულტურულ ცხოვრებასა და თბილისის ახალ ამბებს. ვწერთ საქართველოს ოფიციალური პირების ვიზიტებზე საბერძნეთში, ქართველი ხელოვანების გასტროლების, სპორტსმენების სხვადასხვა ტურნირებში მონაწილეობის თაობაზე. გაზეთის მუდმივი რუბრიკებია: „ცნობილი ქართველები საბერძნეთში“, „ქართველი ქალები საბერძნეთში“, „კულტურა და ტრადიციები“. რუბრიკაში „ხალხური შემოქმედება“ თითქმის ყველა ნომერში იბეჭდება საბერძნეთში მყოფი ქართველების ლექსები, ესეები, მოთხრობები.
— თავისუფალი დრო თუ გრჩებათ ლიტერატურული მოღვაწეობისთვის?
— ლიტერატურა ჩემი საყვარელი საქმიანობაა და რაღა თქმა უნდა, ვახერხებ მისთვის დროის გამონახვას. ეს ადრე უფრო მიჭირდა, ნაწყვეტ-ნაწყვეტ ვწერდი, როცა დრო მქონდა. ხან ძილის ხარჯზეც კი. წლები გადიოდა და ჩემი ცალკეული პუბლიკაციები შეუმჩნევლად იქცა ტომებად. დღეისათვის უკვე 11 წიგნი მაქვს გამოცემული და კიდევ ორი მზადაა გამოსაცემად.
სიმართლე გითხრათ, ბევრი ჩანაფიქრი მაქვს, მაგრამ ეს ჯერჯერობით მხოლოდ გეგმებია. ხომ გსმენიათ, კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო…
— სამშობლო გენატრებოდათ?
— ძალიან მტკივნეულ თემას შეეხეთ. ემიგრაცია ურთულესი რამაა. ძნელი ასატანია, როცა გადასახადებს უცხო სახელმწიფოს უხდი და არა საკუთარ სამშობლოს, როცა არ შეგიძლია ჩაეხუტო შინაურებს, ახლობლებს, გაისეირნო შენი ქალაქის ქუჩებში, მიირთვა შენი საყვარელი ქართული კერძები… ყველაზე მეტად მაინც, რაღა თქმა უნდა, შვილები და მშობლები მენატრებოდნენ. საშინელებაა, როცა ასე შორს ხარ და ხან დარეკვის საშუალებაც არ გაქვს.
უბრალოდ კი არ მენატრებოდნენ, დარდი მჭამდა. ღამღამობით საქართველო, მშობლიური კერა და შვილები მესიზმრებოდნენ. ისე მინდოდა მეგობრებთან და მეზობლებთან ყავაზე „ჩაჯდომა“ რომ…
თავიდან მაინც საოცრად ძნელი იყო, როცა კავშირის ამდენი საშუალება არ არსებობდა და ყველ კაპიკი უნდა დაგეზოგა, რომ შინ დაგერეკა. ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა: მოგენატრა? შედი „სკაიპში“ და დარეკე. ჩამოსვლაც უფრო გაიოლდა.
ნოსტალგია… სანამ თბილისიდან წავიდოდი, ჩვევად მქონდა, ჩემი სახლის ფანჯარასთან ვიდექი ხოლმე და ულამაზესი პეიზაჟით ვტკბებოდი — განსაკუთრებით კარგად ჩანდა, როგორ ყვაოდნენ უზარმაზარი ვარდები იქვე მდებარე ბაღში. და რატომღაც, სადაც არ უნდა წავიდე საბერძნეთში, ყველგან ამ ყვავილს ვეძებ. დავინახავ ვარდებს და თვალწინ მყის ჩემი სახლი, შინაურები და თბილისი მიდგება…
ჰო, საქართველო ჩემს გულში მუდამ ყვავილებთან ასოცირდება.