ხატვა მისთვის მონატრებისგან თავდასაღწევი საშუალებაა, მაგრამ მასთან ხელოვნებაზე არ მისაუბრია. ბუნებრივად ისე მოხდა, რომ საუბარში უფრო უცხო ქვეყანაში მყოფი ადამიანის განცდებსა და სულიერ მდგომარეობას შევეხეთ.
-დადუნა, თქვენ 18 წელია, გერმანიაში ცხოვრობთ, როგორ ფიქრობთ, დღეს უცხო ეროვნების გერმანიის მოქალაქე ხართ თუ ქართველი ემიგრანტი?
— გერმანიის მოქალაქედ არასოდეს მიგრძვნია თავი, მე ჩემი თაობის მსხვერპლად შეწირული ერთ-ერთი ემიგრანტი ვარ. ყველაზე მეტად ეს ტკივილი მაშინ შევიგრძენი, როცა ოჯახის წევრები და ახლობლები უკანასკნელ გზაზეც ვერ გავაცილე… დღემდე გერმანიის ქალაქ ჰანოვერში ვცხოვრობ და აქ მასწავლებლად ვმუშაობ. არაფრით გამორჩეული ბავშვობა არ მქონია, არც გათამამებული ან განებივრებული ვყოფილვარ. სკოლაში განსაკუთრებულ ყურადღებას ჰუმანიტარულ საგნებს ვაქცევდი. მინდოდა ჟურნალისტი, ან ფრანგული ენის მასწავლებელი გავმხდარიყავი. დღემდე ვნანობ, რომ პარალელურად ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე არ ჩავაბარე.
- გერმანიამდე ემიგრანტულ ცხოვრებას საბერძნეთში გაუგეთ „გემო“…
— დიახ, ინსტიტუტის დამთავრებიდან რამდენიმე თვეში სამუშაოდ საბერძნეთში, კერძოდ ათენში წავედი. საქართველო 1996 წელს დავტოვე. ამ დროს ჩვენთან ყოველმხრივ გაუსაძლისი მდგომარეობა იყო. ათენში 2 წელზე მეტი ვერ გავძელი- ნოსტალგია და იქაური, საშინელი სიცხე მკლავდა. დღეებს ვითვლიდი სამშობლოში როდის დავბრუნდებოდი. ვმუშაობდი ოჯახში, ბავშვებთან და პარალელურად ვხატავდი. რამდენიმე ნახატის რეალიზება შევძელი და მერე თბილისში დავბრუნდი. მაშინ იმის გაფიქრებაც არ მინდოდა, რომ ოდესმე სამშობლოს დატოვება ისევ მომიწევდა, მაგრამ… მალე ჩემს მიერ ჩამოტანილი მცირე თანხა გაქრა და თავისა და ოჯახის გადასარჩენად ისევ მომიწია, რომ ახალი გამოსავალი მეპოვა. თუმცა ენის ცოდნის გამო საფრანგეთზე შევაჩერე არჩევანი, ჩემი ძმის ოჯახთან ერთად მაინც გერმანიაში გავემგზავრე. პირდაპირ გეტყვით, აქაურობას ძლივს შევეგუე და როგორც იქნა, გადავწყვიტე, რომ დავრჩენილიყავი. ვცდილობ, გერმანიაში ფრანგული ენა არ დამავიწყდეს, ამიტომ თავისუფალ დროს წიგნებს ამ ენაზე ვკითხულობ. აქ ცხოვრების მანძილზე მაინც მოვახერხე და პარიზში, ნიცასა და პროვანსში ვიმოგზაურე. გერმანიაში დეპრესიას 2 წელი ვებრძოდი. იმის შეგრძნება და ტკივილი მაწუხებს, რომ მე და ჩემნაირები სხვადასხვა დროს, ქართულმა ხელისუფლებამ უცხო ქვეყანაში დასარჩენად სამუდამოდ გაგვწირეს…
- ემიგრანტულმა წლებმა რა დაგანახათ?
— ამ წლებმა მთელი სიმძაფრით დამანახა ჩემს ქვეყანაში გავლილი საკუთარი ცხოვრება თავისი ტკივილებითა და სიხარულით. დამანახა ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ცხოვრობდე იქ, სადაც შენი ისტორიული სამშობლოა და შენს მიწაზე დააბიჯებდე. არა იმიტომ, რომ გერმანიაში ვინმე მავიწროებს, არამედ იმიტომ, რომ აქ შენი არაფერია… სულ იმის შიში გიპყრობს, რომ ამ სიშორის გამო შენიანები არ გადაგეჩვიონ, სწორედ ისინი, ვის ფიქრსა და ზრუნვაში ამდენი წელი გავიდა… ისე, ფიქრებში სულ საქართველოში ვარ… როცა ჩვენთან მიმდინარე პროცესებს ვაკვირდები, ტელევიზიით დაპირისპირებულ მხარეებსა და მათ მიერ გამოხატულ აგრესიას ვუყურებ, არ დაგიმალავთ და, უარყოფითი ემოციებისგან ვტირი კიდეც… როცა ვმშვიდდები, რობაქიძის სიტყვები მახსენდება: „მაინც არ გადავშენდებით“… თუმცა ისიც ფაქტია, რომ აგერ უკვე 25 წელია, ერთ მოჯადოებულ წრეზე ვტრიალებთ…
- ადაპტირების შედეგად რომელი გერმანული თვისება გაითავისეთ და რომელ ქართულს ვერ შეელიეთ?
— გერმანული თვისებებიდან უფრო მეტად პუნქტუალობა გავითავისე. თუმცა გერმანელ ხალხს ამის გარდა სხვა ბევრი კარგი თვისებაც აქვს, მაგალითად, ისინი ზედმეტად შრომისმოყვარენი, პირდაპირები არიან და ტყუილები არ უყვართ. რაც შეეხება თვისებებს, რაც მათში არ მომწონს, ეს მათთვის პირდაპირაც მითქვამს.
- ქალბატონო დადუნა, ახლა თქვენი ემიგრაციის სასიამოვნო მხარესაც შევეხოთ.
— ხატვა ბავშობიდან მიტაცებდა. პოეზიისა და ხატვის სიყვარული თითქმის ყოველთვის იყო ჩემის სულიერი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. თუმცა ინტენსიურად ხატვა 1983 წლიდან დავიწყე, ასეა დღემდე — ხატვა ჩემი სულის ნაწილია. ძირითადად ზეთსა და აკრილში, იშვიათად აკვარელში ვხატავ.
-ამბავი, რომელსაც ხშირად იხსენებთ და დღემდე აგიხსნიათ…
— რა მახსენდება იცით? ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი ამბავი მაგრამ დღემდე რატომღაც არ მავიწყდება. 1993 წელი იყო. ზამთრის ერთ ცივ საღამოს, როდესაც ლექციებიდან ვბრუნდებოდი, გზაზე გრძელი, ჩაბნელებული ხიდი უნდა გადამევლო. უცებ წინ სამი ახალგაზრდა ბიჭი გადამიდგა. ერთმა ყელთან დანა მომაბჯინა, მეორეს ხელში იარაღი ეჭირა, მესამე ოდნავ მოშორებით იდგა და ჩუმად იყო. ისინი ჯერ მიყურებდნენ, მერე როცა შემატყვეს, უნდა დამეყვირა, იარაღიანმა ავის მომასწავებლად ჩამჩურჩულა: არ იყვირო, თორემ მოგკლავო… მე შიშისგან ჩემთვის უცნაური და უცნობი ხმა აღმომხდა… უცებ სროლის ხმა გავიგონე და ვეღარ გავერკვიე, რა ხდებოდა. მოულოდნელად ახალგაზრდები გაიქცნენ, ალბათ გამოუცდელები იყვნენ. ამ დროს დავინახე ვიღაც, რომელიც იარაღით ხელში ჩემკენ გამორბოდა. ეს უცნობი ასაკით იმ ბიჭებზე უფროსი იქნებოდა. მომიახლოვდა და მითხრა: ნუ გეშინიათ, დამშვიდდით, სახლამდე მე მიგაცილებთ და ვიდრე არ შეხვალთ, არსად წავალო. მე აღარ შემშინებია. ინტუიციით ვგრძნობდი, რომ ამ ადამიანს ნამდვილად ჩემი დახმარების სურვილი ამოძრავებდა. რამდენიმე დღის შემდეგ ჩემი სახლის კართან მინდვრის ყვავილები დამხვდა და პატარა, ნაგლეჯ ფურცელზე ეწერა: გოგა. ჩემთვის მას სახელი და არც უკითხავს. თუმცა როდესაც მადლობებს ვუხდიდი, სადარბაზოში შესვლისას, ხელი ჩამომართვა და მითხრა: მე გოგა მქვია. სულ ეს იყო.. უცნობმა სიკეთე და ყვავილები დამიტოვა და უკან გაბრუნდა… ეს ამბავი უცნაურად შემორჩა ჩემს მეხსიერებას. ალბათ იმიტომ რომ ასე უანგაროდ და ვაჟკაცურად დღეს იშვიათად იქცევიან…