თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე რომის პაპის მესის ჩატარებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
კათოლიკეები თბილისისკენ საქართველოს ყველა კუთხიდან მოემგზავრებიან.
„შეიძლება ითქვას, რომ რომის პაპი ჩვენი მწყემსია, ჩვენ კი მისი ცხვრები. ამბობენ, როცა ქრისტეს ასიდან ერთი ცხვარი დაეკარგა, ის 99 მიატოვა და იმ ერთის საძებნელად წავიდაო. რომის პაპი სწორედ იმიტომ ჩამოვიდა აქ, რომ ჩვენ ის მეასე ცხვარი ვართ, რომელიც ფარას ცოტათი ჩამორჩა. და ის ჩვენთან მოვიდა“, — უთხრა Sputnik-ს ფატი ქაქუცაშვილმა, რომელიც სამცხე-ჯავახეთიდან, სოფელ არალიდან ჩამოვიდა.
მისი თქმით, ის 17 წლის წინაც, 1999 წლის ნოემბერშიც დაესწრო პაპის მესას, როდესაც საქართველოში იოანე პავლე მეორე იყო ჩამოსული.
„დღეს ძალიან დიდი დღესასწაულია საქართველოში მცხოვრები კათოლიკეებისთვის. მართალია, ჩვენ ძალიან ცოტანი ვართ, უმცირესობას წარმოვადგენთ, მაგრამ ჩვენი მწყემსი მოვიდა ჩვენთან, მამა ჩვენი, რომელსაც არ დავვიწყებივართ და მისი ჩამოსვლა
ნიშნავს იმას, რომ ღმერთს არ დავვიწყებივართ, ღმერთს ჩვენ ვუყვარვართ“, — განაცხადა სამცხე-ჯავახეთის კათოლიკური ეკლესიის მღვდელთმსახურმა ზურაბ კაკაჩიშვილმა.
მისი თქმით, რომის პაპს მშვიდობა მოაქვს.
„არის ძალიან ბევრი ქვეყანა, სადაც უამრავი, მილიონობით კათოლიკე ცხოვრობს, მაგრამ ის აქ ჩამოვიდა, ჩვენთან, რათა გაგვაძლიეროს. ჩვენ მესხეთიდან ჩამოვედით, დაახლოებით 6 ათასი კაცი, რომ ამ მესას დავესწროთ. იმედი მაქვს, რომ რომის პაპი გვანუგეშებს და კეთილ სიტყვას გვეტყვის. მას მოაქვს მშვიდობა და სწორედ ამიტომ ჩამოვიდა აქ“, — განმარტა დეკანოზმა ზურაბ კაკაჩიშვილმა.
შეგახსენებთ: პონტიფიკოსი თბილისში პარასკევს, 30 სექტემბერს ჩამოვიდა სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით. ჩამოსვლის დღეს პაპი საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორეს შეხვდა ასევე ეწვია ასირიულ-ქალდეური კათოლიკურ ეკლესიას თბილისში.