თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს შს სამინისტრომ დაადგინა, რომ თბილისის ერთ- ერთი ბანკის ექსპრეს-ფილიალი პისტოლეტის ფორმის სანთებელის მეშვეობით გაძარცვეს, იუწყება შსს-ის პრესსამსახური.
სამართალდამცველებმა 1971 წელს დაბადებული ი.ნ., 1971 წელს დაბადებული კ.გ, 1988 წელს დაბადებული ი.ტ. და 1984 წელს დაბადებული მ.გ. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე დააკავეს.
როგორც ირკვევა, ერთ-ერთი ბოროტმოქმედი ინკასატორ კ.გ-ს დახმარებით შევიდა ბანკში და პისტოლეტის ფორმის სანთებელით დაემუქრა ბანკის მორიგე მოლარე-ოპერატორს, რის შემდეგაც დიდი ოდენობით თანხა გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
პოლიციამ ბრალდებულები მომხდარიდან რამდენიმე საათში დაააკავეს თბილისში.
პოლიციამ ბანკიდან წაღებული თანხის დიდი ნაწილი და დანაშაულის ჩადენის იარაღი — პისტოლეტ-სანთებელა ნივთმტკიცებად ამოიღო.
ოთხივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).