თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს დედაქალაქში პირველად ჩამოდის ცნობილი შვედი მომღერალი, სინთპოპის ვარსკვლავი მოლი ნილსონი. შემსრულებლის სოლო კონცერტი თბილისში 5 ოქტომბერსაა დაგეგმილი.
წარმოშობით შვედი, ამჟამად ბერლინში მოღვაწე მუსიკოსის შემოქმედება უნიკალური, ინდივიდუალური სტილით ხასიათდება. მისი მუსიკა სინთეზატორების, რეტრო საუნდებისა და მძიმე პოპ თემების ნაზავს წარმოადგენს ღრმა, ინტელექტუალური ტექსტებით, რაც მოლის, როგორც თანამედროვე მუსიკაში მნიშვნელოვანი მოაზროვნის სტატუსს ამყარებს.
ნილსონი თავის შემოქმედებაში ე.წ Do It Yourself პოლიტიკას ანიჭებს უპირატესობას, რაც გულისხმობს იმას, რომ თავადაა საკუთარი სიმღერების, ტექსტების, არანჟირებების ავტორი. თავად აკეთებს ალბომების პროდიუსინგს, ყდებს, იღებს საკუთარ კლიპებს და თავად აწყობს საკუთარ ტურნეებს.
ნილსონი განსაკუთრებით პოპულარულია ევროპის ქვეყნებში და რუსეთში. მოლის ანგარიშზე ექვსი რელიზია — პირველია "These Things Take Time" 2008 წლის, უკანასკნელი კი — "Zenith" 2015 წლის. სწორედ მსოფლიო ტურნეს ფარგლებში ალბობ "Zenith" მხარდასაჭერად მომღერალი საქართველოს ეწვევა.
"მუსიკალურ სამყაროში ნილსონი უდიდესი პოპულარობითა და გავლენით სარგებლობს. მის სიმღერაზე "Hey Moon" შექმნილი ქავერი მრავალმა მუსიკოსმა შეასრულა, მათ შორის პოსტ-პანკის ერთ-ერთმა ცნობილმა წარმომადგენელმა, მუსიკოსმა ჯონ მაუსმა. თუმცა თვითონ მოლი ამ სიმღერას არასდროს არ ასრულებს, "Hey Moon" პირველად და ექსკლიუზიურად მისი შესრულებით მხოლოდ თბილისში 5 ოქტომბერს გაიჟღერებს",-ნათქვამია მომღერლის თბილისური კონცერტის ორგანიზატორების განცხადებაში.
შვედი მომღერლის გამოსვლა საქართველოს დედაქალაქში პრომოუტერული კომპანია Muzame-ის პროექტის ფარგლებში ხორციელდება. თანამედროვე მუსიკის ქართველ მოყვარულებს ამ პროგრამის ფარგლებში შესთავაზებენ ცნობილი ქართველი და უცხოელი შემსრულებლების გამოსვლებს.
სინთპოპი(ასევე ცნობილი როგორც ელექტრო-პოპი, ან ტექნო-პოპი)-ელექტრონული მუსიკის ჟანრია, რომელიც ცნობილი1980-იანებში გახდა, სადაც მთავარ მუსიკალურ ინსტრუმენტს სინთეზატორი წარმოადგენს.
ჟანრი იაპონიაში და დიდ ბრიტანეთში პოსტ-პანკის ეპოქაში როგორც 1970-იანების და 1980-იანების ახალი ტალღის ნაწილი გაჩნდა. სინთპოპმა პოპ და როკმუსიკის ძირითად ელემენტად სინთეზატორის წამყვანი ადგილი დააწესა და შემდგომ ჟანრებზე, ჰაუს და ტექნოს ჩათვლით, გავლენა მოახდინა.