თბილისი, 29 აგვისტო — Sputnik. პოპულარულმა რუსმა საესტრადო მომღერალმა ელენა ვაენგამ თავის ვიდეომიმართვაში ქართველი მსმენელისადმი საქართველოში დაგეგმილ კონცერტს მისი ოცნება და ნამდვილი მოვლენა უწოდა.
მომღერალი 16 სექტემბერს თბილისის საკონცერტო დარბაზში — ფილარმონიაში 19:00 საათზე საქართველოში თავის პირველ სოლო კონცერტს გამართავს.
„ბოლოს და ბოლოს ასრულდა ჩემი ოცნება, რადგან ეს ჩემი ერთ-ერთი ოცნება იყო. მე დიდი ხანია ვმუშაობ და მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში ვარ ნამყოფი, მაგრამ არასოდეს ვყოფილვარ თბილისში, საქართველოში. და აი ბოლოს და ბოლოს მე ჩამოვდივარ საქართველოში. ძალიან მიხარია, რადგან ეს ჩემთვის მოვლენაა“, — ამბობს თავის ვიდეო მიმართვაში ვაენგა.
ის აქვე აღნიშნავს, რომ საჭიროდ ჩათვალა ამ ვიდეომიმართვის გაკეთება, მაგრამ არ უნდა, რომ იგი რეკლამად ჩათვალონ.
„არასოდეს არ მინდა ადამიანებს რაიმე ვაიძულო, რადგან არ მომწონს როცა ასე მექცევიან. მიყვარს როც არჩევანს თავად ვაკეთებ“, — თქვა მომღერალმა.
ელენა ვაენგა (ხრულევა) მომღერალი, სიმღერების ავტორი, კომპოზიტორი და მსახიობია. დაიბადა 1977 წლის 27 იანვარს სევერომორსკში. პირველი სიმღერა ცხრა წლისამ დაწერა. სკოლის დამთავრების შემდეგ სანკტ-პეტერბურგში ჩავიდა და სწავლა რიმსკი-კორსაკოვის სახელობის მუსიკალურ სასწავლებელში ფორტეპიანოს განხრით განაგრძო. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ პედაგოგ-კონცერტმაისტერის დიპლომი მიიღო. მომღერალი კონცერტებს ცხრამეტი წლის ასაკიდან მართავს. ნამდვილი პოპულარობა მომღერალს 2005 წელს გამოსულმა ალბომმა "Белая птица" („თეთრი ფრინველი“) მოუტანა. ელენა ვაენგა რუსული მუსიკალური პრემიების „ოქროს გრამოფონი“, „წლის სიმღერა“, „წლის შანსონი“ და სხვა ლაურეატია. მომღერლის რეპერტუარშია საკუთარი სიმღერები, ძველი და თანამედროვე რომანსები, ბალადები, ხალხური სიმღერები, ასევე სიმღერები კლასიკოსთა ლექსებზე.