თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. პოპულარული რუსი საესტრადო შემსრულებელი ელენა ვაენგა საქართველოში სოლო კონცერტს გამართავს, აღნიშნულია მომღერლის ოფიციალურ ვებგვერდზე.
ვაენგას კონცერტი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში (ფილარმონია) 16 სექტემბერს, 19:00 საათზე დაიწყება.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებგვერდზე TKT. ბილეთის ღირებულება 30-150 ლარია.
ელენა ვაენგა (ხრულევა) მომღერალი, სიმღერების ავტორი, კომპოზიტორი და მსახიობია. დაიბადა 1977 წლის 27 იანვარს სევერომორსკში.
პირველი სიმღერა ცხრა წლისამ დაწერა. სკოლის დამთავრების შემდეგ სანკტ-პეტერბურგში ჩავიდა და სწავლა რიმსკი-კორსაკოვის სახელობის მუსიკალურ სასწავლებელში ფორტეპიანოს განხრით განაგრძო. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ პედაგოგ-კონცერტმაისტერის დიპლომი მიიღო.
მომღერალი კონცერტებს ცხრამეტი წლის ასაკიდან მართავს. ნამდვილი პოპულარობა მომღერალს 2005 წელს გამოსულმა ალბომმა "Белая птица" („თეთრი ფრინველი“) მოუტანა.
ელენა ვაენგა რუსული მუსიკალური პრემიების „ოქროს გრამოფონი“, „წლის სიმღერა“, „წლის შანსონი“ და სხვა ლაურეატია.
მომღერლის რეპერტუარშია საკუთარი სიმღერები, ძველი და თანამედროვე რომანსები, ბალადები, ხალხური სიმღერები, ასევე სიმღერები კლასიკოსთა ლექსებზე.