თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. 2017 წლის გაზაფხულზე 30 ათასი ოჯახისთვის ინტერნეტის დაყენებისა და კომპიუტერის შესაძენად ვაუჩერების გაცემა დაიწყება, განაცხადა საქართველოს „ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტის“ მენეჯერმა ბესო აბულაძემ.
პროექტის ფარგლებში თითოეულ ოჯახს დაახლოებით 300-ლარიანი ვაუჩერი გადაეცემა. ვაუჩერის ნახევარი ინტერნეტის დაყენებისთვის იქნება გამოყენებული, ხოლო მეორე ნახევარი კომპიუტერის განვადებით შეძენისთვის პირველი შესატანი თანხა იქნება.
„ვგეგმავთ ბანკებთან ერთად სპეციალური პროგრამის შემუშავებას, სადაც კომპიუტერის ღირებულების პირველადი შენატანი, 10-20% დაიფარება ვაუჩერით. კომპიუტერული ტექნიკის დარჩენილი ღირებულების გადახდას მოსახლეობა განვადების მეშვეობით გააგრძელებს“, — განუცხადა აბულაძემ საინფორმაციო სააგენტო BusinessContract-ს.
მისი თქმით, პროექტი, რომელიც მსოფლიო ბანკის მიერ ფინანსდება, კვლევის საფუძველზე შეიქმნა. კვლევამ საქართველოში ინტერნეტის ხელმისაწვდომობის სამი ბარიერი გამოავლინა.
„რეგიონისა და სოფლის კვლევამ აჩვენა, რომ მოსახლეობას უჭირს კომპიუტერის შესაძენად პირველადი შენატანის გაკეთება. ასევე, მოსახლეობამ დააფიქსირა პრობლემა ინტერნეტის საინსტალაციო ხარჯების გადახდასთან დაკავშირებით. მესამე ბარიერი იყო ის, რომ მოსახლეობას არ აქვს საჭირო უნარ-ჩვევები, რათა იმუშაოს კომპიუტერთან“, — განაცხადა აბულაძემ.
პრობლემის გადასაჭრელად მსოფლიო ბანკმა 40 მლნ ევრო გამოყო. პროექტის ფარგლებში იგეგმება რვა მსხვილი და 50 წვრილი ინოვაციური ცენტრის შექმნა, რომლებიც მოსახლეობის კომპიუტერთან მუშაობის უნარების ამაღლებას ითვალისწინებს. ცენტრები აღჭურვილი იქნება თანამედროვე კომპიუტერებით, ხოლო რეგიონის მოსახლეობისთვის სპეციალურ ტრენინგებს ჩაატარებენ.