თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. რომის კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლს ფრანცისკ I-ს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდებიან საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით.
პონტიფიკოსი თბილისში დღის მეორე ნახევარში ჩამობრძანდება.
დახვედრის ცერემონიის შემდეგ რომის პაპი საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაემართება, სადაც გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრას გამართავს. შემდეგ ისინი ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიმართავენ.
საღამოს რომის პაპი საქართველოს საპატრიარქოს ესტუმრება და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს შეხვდება.
გარდა ამისა, ასევე დაგეგმილია პაპ ფრანცისკის შეხვედრა საქართველოს ასირიულ-ქალდეური თემთან.
შაბათს, 1 ოქტომბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე პაპი წმინდა მესას აღავლენს. ლიტურგიის შემდეგ ის მარიამის ზეცად აღყვანების კათოლიკურ საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკე სასულიერო პირებსა და მრევლს შეხვდება.
ამის შემდეგ რომის პაპი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ერთად დაათვალიერებს მცხეთასა და სვეტიცხოველს.
კვირას, 2 ოქტომბერს გამომშვიდობების ცერემონიის შემდეგ რომის პაპი ბაქოში გაემგზავრება.