თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. რომის კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი ფრანცისკი საქართველოს სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვია.
თვითმფრინავი თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა. ტრაპთან პონტიფიკოსს დახვდნენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მეუღლესთან ერთად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, მთავრობის წევრები და თბილისის მერი დავით ნარმანია. ასაფრენ ბილიკზე საპატიო ყარაული მოეწყო.
აეროპორტში ასევე შეიკრიბა საქართველოს კათოლიკური ეკლესიის მრევლი საქართველოსა და ვატიკანის დროშებით. აეროპორტის შენობას აეროდრომის მხრიდან ამშვენებს პლაკატი ვიზიტის დევიზით „მშვიდობა თქვენდა“ და მისი სიმბოლოთი.
ამავდროულად, თბილისის აეროპორტთან ახლოს საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, რომელშიც ამ დროისთვის 100-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობს. ესენი მართლმადიდებელი სასულიერო პირები და მრევლის წარმომადგენლები არიან. მათ თან მოიტანეს პლაკატები ქართულ და ინგლისურენოვანი წარწერებით: „ვატიკანი – სასულიერო აგრესორი“, „პაპი — არქიერეტიკოსი, შენი ჩამოსვლა მართლმადიდებლურ საქართველოში არ უხარიათ“.
დახვედრის ცერემონიის შემდეგ რომის პაპი საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაემართება, სადაც გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრას გამართავს. შემდეგ ისინი ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიმართავენ.
საღამოს რომის პაპი საქართველოს საპატრიარქოს ესტუმრება და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს შეხვდება.
გარდა ამისა, ასევე დაგეგმილია პაპ ფრანცისკის შეხვედრა საქართველოს ასირიულ-ქალდეურ თემთან.
შაბათს, 1 ოქტომბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე პაპი წმინდა მესას აღავლენს. ლიტურგიის შემდეგ ის მარიამის ზეცად აღყვანების კათოლიკურ საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკე სასულიერო პირებსა და მრევლს შეხვდება.
ამის შემდეგ რომის პაპი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ერთად დაათვალიერებს მცხეთასა და სვეტიცხოველს.
კვირას, 2 ოქტომბერს გამომშვიდობების ცერემონიის შემდეგ რომის პაპი ბაქოში გაემგზავრება.