საქართველოს პრეზიდენტმა რომის პაპის საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა

© FB / Георгий Маргвелашвилиრომის პაპი და გიორგი მარგველაშვილი
რომის პაპი და გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი მარგველაშვილმა საქართველოსა და ვატიკანის მრავალსაუკუნოვან ურთიერთობებს ხაზი გაუსვა, ასევე რომის პაპ ფრანცისკს მტკიცე მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

თბილისი, 30 სექტემბერი— Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თავის რეზიდენციაში რომის პაპი ფრანცისკი მიიღო და მისი ვიზიტის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა. პრეზიდენტმა ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს მადლობა იმისათვის გადაუხადა, რომ ზემოთაღნიშნული ვიზიტი შედგა.

"სწორედ მისი თანადგომითა და შეწევნით მოხერხდა ჩვენი ქვეყნისათვის ამ უმნიშვნელოვანესი ვიზიტის განხორციელება.საქართველო უკვე მეორედ მასპინძლობს ვატიკანის სახელმწიფოს მეთაურს, რაც მიუთითებს ჩვენს განსაკუთრებულ ურთიერთობებზე. დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე ჩვენ მუდმივად ვგრძნობთ ვატიკანის მტკიცე მხარდაჭერას. ჩვენ გვახსოვს ეს თანადგომა როგორც მშვიდობის, ასევე განსაცდელის პირობებშიც. თქვენო უწმინდესობავ, მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ თანადგომისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისათვის",- განაცხადა მარგველაშვილმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსა და ვატიკანის ურთიერთობები  საუკუნეებს ითვლის.

"სიმბოლურია, რომ პირველი ქართული ბეჭდური წიგნი 1629 წელს რომში გამოიცა, კათოლიკე მისიონერების მიერ. ეს იყო ქართულ-იტალიური ლექსიკონი და ქართული ანბანი, რომელიც ერთ-ერთია მსოფლიოს 14 ძირითად დამწერლობას შორის. ასევე მე-17 საუკუნეში კათოლიკე მისიონერთა დახმარებით გამოიცა ქართული ენის მეცნიერული გრამატიკა",-აღნიშნა მარგველაშვილმა.

რომის პაპი ფრანცისკე - Sputnik საქართველო
რომის პაპი: საქართველო არის ხიდი, რომელიც ხალხებს აკავშირებს

საქართველო ერთ-ერთი უძველესი სახელმწიფოა, სადაც ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში ქრისტიანობა თვით მოციქულებმა იქადაგეს, თქვა პრეზიდენტმა.

"ამიტომაც არის ქართული ეკლესია სამოციქულო და ჩვენ, ქართველები, ვამაყობთ, რომ მრავალი სიწმინდე, რომელიც დაცულია ქართულ საგანძურებში, განეკუთვნება იმ პერიოდს, როდესაც ქრისტიანული სამყარო ერთიანი და განუყოფელი იყო",-ხაზი გაუსვა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საერთო იდეალების დასაცავად საქართველომ არაერთხელ გაიღო მსხვერპლი. 

"საერთო ღირებულებებისათვის იბრძოდა ქართველთა მეფის, დავით აღმაშენებლის მხედრობა ჯვაროსნებთან ერთად იერუსალიმში, ხოლო დიდგორის ბრძოლაში, ჯვაროსანთა რაზმიც იდგა ქართველთა გვერდით. ჩვენ დღესაც ვმონაწილეობთ საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მსოფლიოში უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად", — თქვა მარგველაშვილმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ "საქართველო ევროპული ცივილიზაციის არამხოლოდ ნაწილი, არამედ ერთ-ერთი შემოქმედიცაა. ეს არის ოქროს საწმისის ქვეყანა, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში ასრულებდა ცივილიზაციების დამაკავშირებელი ხიდის ფუნქციას".

ყველა ახალი ამბავი
0