თბილისი, 30 სექტემბერი— Sputnik. გლობალიზაციამ მსოფლიო ერთფეროვნად შეიძლება გახადოს, თბილისში რომის პაპ ფრანცისკთან შეხვედრაზე განაცხადა კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ. ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურმა პონტიფიკოსი თავის რეზიდენციაში მიიღო. პირველი შეხვედრა რომის პაპმა საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან გამართა.
"დღეს კაცობრიობა დგას დიდი პრობლემის წინაშე, ეს არის გლობალიზაციის პროცესი. თავისთავად გლობალიზაცია არ არის ცუდი მოვლენა, მაგრამ ამას გააჩნია დიდი საშიშროება, რომ ერთფეროვნებად არ გადაიქცეს მთელი მსოფლიო. კაცობრიობამ წინ დიდი ნაბიჯები გადადგა მეცნიერებასა და ტექნიკაში, კულტურაში, მაგრამ ამავე დროს, დიდი ნაბიჯები გადაიდგა უკან სულიერებასა და სარწმუნეობაში, ეს საშიშროება არის ჩვენს წინაშე“, —განაცხადა კათოლიკოს-პატრიარქმა.
ის ასევე შეეხო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის პრობლემას.
„დღეს საქართველო არის ახალი პრობლემების წინაშე, თითქმის 500 000 ადამიანი არის ლტოლვილი საკუთარ ქვეყანაში…მე 11 წელი ვიყავი აფხაზეთის მიტროპოლიტი, არასდროს არ ყოფილა კონფლიქტი აფხაზებსა და ქართველებს შორის, ეს არის ხელოვნურად შექმნილი კონფლიქტი, მაგრამ ჩვენ გვჯერა, რომ ეს პრობლემები დაძლეული იქნება, მთავარია დავძლიოთ სულიერი პრობლემები",-განაცხადა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურმა.
ილია მერემ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში, როგორც მთელ მსოფლიოში, არის რწმენისა და სიყვარულის დეფიციტი.