თბილისი, 30 სექტემბერი– Sputnik. საქართველოს პარლამენტის ყოფილი სპიკერი, "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე არჩევნებზე გამარჯვების შემთხვევაში ამომრჩეველს რუსეთთან ვიზების გაუქმებას პირდება.
ბურჯანაძე საარჩევნო ბლოკის "ნინო ბურჯანაძე — დემოკრატიული მოძრაობას" ლიდერია, რომლის წინასაარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი საგარეო პოლიტიკურ მიმართულებას ქვეყნის უბლოკო სტატუსის გამოცხადება წარმოადგენს. საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 8 ოქტომბერს გაიმართება. წინა არჩევნებმა კი მმართველ კოალიცია "ქართულ ოცნებას" წარმატება მოუტანა.
"ქართული ოცნება" ამბობს, რომ რუსეთთან ურთიერთობების დალაგება უნდა. კი მაგრამ, ვინ გიშლით? გპირდებით, რომ არჩევნებზე გამარჯვების შემთხვევაში რუსეთთან სავიზო რეჟიმს აუცილებლად გავაუქმებ და ბევრი შვებით ამოისუნთქებს. გპირდებით, რომ ქართული პროდუქციისათვის რუსული ბაზარი სრულფასოვნად გაიხსნება და ეკონომიკა ფეხზე წამოდგება",- განაცხადა ტელეარხ "რიონის" ეთერში ბურჯანაძემ.
გარდა ამისა, ბურჯანაძეს აფხაზურ და ოსურ მხარესთან მოლაპარაკებების დაწყება სურს.
"რა თქმა უნდა, ეს მარტივი პროცესი არ იქნება, მაგრამ შერიგებას მივაღწევთ",- ხაზი გაუსვა მან.
2008 წელს მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა. 2012 წლის ოქტომბერში არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოსული საქართველოს ახალი მთავრობის წარმომადგენლებმა საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება დაასახელეს.
ამჟამად რუსეთის მოქალაქეები საქართველოში უვიზოდ ჩამოდიან, თუმცა საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში წასასვლელად ვიზის მიღება სჭირდებათ. 2015 წლის დეკემბერში რუსეთის საგარეო უწყებამ გამოაცხადა, რომ 23 დეკემბრიდან საქართველოს მოქალაქეებისათვის რუსეთი ამარტივებს სავიზო რეჟიმს და მომავალში არ გამორიცხავს უვიზო რეჟიმის შემოღებას.