თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისში, აღმოაჩინეს ადგილები, სადაც გადამალული იყო ცეცხლსასროლი იარაღი, ასაფეთქებელი მოწყობილობები და სხვა საბრძოლო მასალები, რომლებიც 2009-2011 წლებშია შექმნილი, აღნიშნულია შსს-ს ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
იარაღის სამარხები აღმოაჩინეს ყოფითი ნარჩენების პოლიგონზე და მუხათგვერდის სასაფლაოზე თბილისში, სოფელ ნორიოსთან, გორის რაიონში ქვის სამტვრევი ქარხნის მიმდებარედ, ასევე სოფელ საგურამოსთან ტყეში.
ერთობლივი ოპერაცია ჩაატარეს საქართველოს შსს-ს, პროკურატურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ი) თანამშრომლებმა.
სამალავებში ინახებოდა ტანკსაწინააღმდეგო და ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმმტყორცნების ნაღმები, დეტონატორები, ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნები, მჭიდები, ტროტილის კოჭები, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმები, ხელყუმბარები, ასაფეთქებლები და ტყვიები.
სამარხებში აღმოჩენილი „სტეჩკინის“ პისტოლეტი და ავტომატი АКС-74 მონაცემთა ბაზაში შეტანილია, როგორც დაკარგული, აღნიშნეს შსს-ში.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე სამართალდამცველებმა უკვე რამდენიმე გახმაურებული სისხლის სამართლის საქმე — საბოტაჟის მზადებისა და ხელისუფლების დამხობის ან მიტაცების მიზნით შეთქმულების შესახებ — აღძრეს.