თბილისი, 29 სექტემბერი– Sputnik. საქართველოსა და სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების დელეგაციებმა განიხილეს მიმდინარე ორმხრივი პოლიტიკური და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხები, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. ქართულ მხარეს ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე, ხოლო სომხეთის დელეგაციას — საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე შავარშ ქოჩარიანი.
საქართველოსა და სომხეთის საგარეო უწყებების დელეგაციებმა ყურადღება გაამახვილეს სატრანსპორტო, ენერგეტიკულ, განათლების, კულტურის და კულტურული მემკვიდრეობის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებაზე.
მინისტრის მოადგილეებმა გაცვალეს ინფორმაცია აქტუალურ რეგიონულ საკითხებთან დაკავშირებით და მიმოიხილეს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის გააქტიურების პერსპექტივები.
საქართველოსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წელს დამყარდა. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროებში.
დიპლომატიური ურთიერთობების 24 წლის მანძილზე, ქვეყნებმა ვაჭრობის, მწარმოებელთა საკუთრების უფლებების დაცვის, ნარკოტიკური და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ და სხვა საერთაშორისო ხასიათის 88 დოკუმენტს მოაწერეს ხელი.