თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ თავის სომეხ კოლეგა ლევონ მკრტჩიანთან შეხვედრისას ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების პერსპექტივაზე იმსჯელა.
მხარეებმა განიხილეს ის რეფორმები და პროექტები, რომლებიც ამჟამად საქართველოში ხორციელდება, ასევე ქვეყნებს შორის საგანმანათლებლო გაცვლის აუცილებლობა.
„ჩვენი პარტნიორობა სომხეთთან, რა თქმა უნდა, ძალზე მნიშვნელოვანია ყველა მიმართულებით. ჩვენ ვისაუბრეთ მინისტრთან როგორც ზოგადი განათლების მიმართულების ფორმირებაზე, ისე უმაღლეს პროფესიულ განათლებასა და მეცნიერებაზე. სომხეთი ისევე, როგორც საქართველო, ბოლონიის პროცესში და საგანმანათლებლოს სისტემის კუთხით ევროპასთან ინტეგრაციის პროცესშია ჩართული, ამიტომ ჩვენ ქვეყნებს ერთად ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ“, — განაცხადა ჯეჯელავამ.
სომხეთის განათლების მინისტრმა მადლობა გადაუხადა ჯეჯელავას თბილი მიღებისთვის და რწმენა გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში ქართული დელეგაცია სომხეთში საპასუხო ვიზიტით გაემგზავრება.
„ჩვენ ვისაუბრეთ სამუშაო ჯგუფების შესახებ. სავარაუდოდ, სამ სამუშაო ჯგუფს შევქმნით, რომლებიც კონკრეტულად, საშუალო და ზოგად განათლებაზე, მეცნიერებასა და უმაღლეს განათლებაზე იმუშავებენ, რადგან ამოცანები, რომლებიც ჩვენი სახელმწიფოების წინაშე დგას, ერთიანია. მაინც სამხრეთ კავკასია — ეს ერთიანი ეკონომიკური ზონაა, ხალხების მენტალიტეტი და აღქმა ასევე ერთნაირია“, — განაცხადა მკრტჩიანმა.
მკრტჩიანმა იმედი გამოთქვა, რომ ჯეჯელავა ამ თანამდებობაზე დიდხანს იმუშავებს, რადგან მას საგანმანათლებლო სისტემის განვითარების მკაფიო ხედვა გააჩნია.