როგორ გაათია ღამე რომის პაპმა თბილისის უსახლკაროთა თავშესაფარში

© Эдишер Валишвилиიოანე პავლე II
იოანე პავლე  II - Sputnik საქართველო
გამოწერა
Sputnik–ის პროექტი „დიდი ადამიანები საქართველოში“, რომელიც ჟურნალისტ ბესიკ ფიფიას იმავე სახელწოდების წიგნზეა დაფუძნებული, საქართველოში რომის პაპის იოანე პავლე II-ის ვიზიტის თაობაზე გიამბობთ.

ბესიკ ფიფია

1999 წლის შემოდგომაზე, როდესაც ინდოეთიდან ვატიკანში ბრუნდებოდა, რომის პაპი იოანე პავლე II ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში იმყოფებოდა. ვატიკანის ხელმძღვანელი პირველად იყო ქართულ მიწაზე და სულ მეორედ, რუმინეთის შემდეგ, ვიზიტით ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა მართლმადიდებელი სარწმუნოების აღმსარებელია.

საქართველოს კათოლიკური თემი 50-დან 70 ათასამდე ადამიანს ითვლის, რაც საქართველოს მთელი მოსახლეობის თითქმის ორ პროცენტს შეადგენს. ქვეყანაში რვა კათოლიკური მრევლი არსებობს. პირველი კათოლიკური მისიონერები საქართველოს ტერიტორიაზე ჯერ კიდევ XIII საუკუნეში გამოჩნდნენ. 1845 წელს მათი საქმიანობა იმპერატორ ნიკოლოზ I-ის ბრძანებით აიკრძალა. ვატიკანმა საქართველოს დამოუკიდებლობა 1992 წლის მაისში აღიარა, მაშინვე დამყარდა დიპლომატიური ურთიერთობაც. 1992 წლის სექტემბრიდან კი თბილისში ვატიკანის ნუნციატურა (წარმომადგენლობა) ფუნქციონირებს.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პონტიფიკოსს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ. მოეწყო საპატიო ყარაული, ორკესტრმა ვატიკანისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები შეასრულა.

© ედიშერ ვალიშვილითბილისის საერთაშორისო აეროპორტში რომის პაპ იოანე პავლე II-ს საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II დახვდნენ.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რომის პაპ იოანე პავლე II-ს საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II დახვდნენ.  - Sputnik საქართველო
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რომის პაპ იოანე პავლე II-ს საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II დახვდნენ.

აეროპორტში მისასალმებელი სიტყვის წარმოთქმა პაპმა ქართულად დაიწყო: „კურთხეულია უფალი! მივესალმები მთელ საქართველოს და თითოეულ ქართველს!“  შემდეგ ინგლისურად მან თქვა, რომ უკვე დიდი ხანია სურდა ძველი ივერიის კურთხეული მიწის მონახულება და სრულიად საქართველოს პატრიარქს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა, ვინაიდან მისი ძმური მხარდაჭერის გარეშე ეს ვიზიტი არ შედგებოდა.

„პირველად ვიმყოფები საქართველოს მიწაზე და ღრმა მღელვარება მიპყრობს ამ მიწა-წყალზე ქრისტიანობის ხანგრძლივი და სახელოვანი ისტორიის წინაშე, რომელიც დასაბამს იღებს IV საუკუნის დასაწყისში წმინდა ნინოს ქადაგებიდან და V საუკუნის მიწურულს ვახტანგ გორგასლის მეფობიდან. ამ ეპოქიდან მოყოლებული, ქრისტიანობა იქცა იმ თესლად, საიდანაც აღმოცენდა და გაიფურჩქნა ქართული კულტურა, განსაკუთრებით — მონასტრებში. ეკლესია ექცა მცველად ეროვნულ თვითმყოფადობას, რომელზედაც აგრერიგად გამუდმებით მიჰქონდათ შეტევა. არაერთგზის აუოხრებიათ დამპყრობლებს საქართველო, მაგრამ ქართველმა ერმა შეინარჩუნა და დღემდე მოიტანა თავისი ეროვნული თვითმყოფადობა და ერთიანობა… აღმოსავლეთისა და დასავლეთის შესაყარზე მყოფ ქართულ ეკლესიას ყოველთვის ღია ჰქონდა კარები სხვა ქრისტიან ერებთან ურთიერთობისათვის. დროდადრო მტკიცდებოდა და ღრმავდებოდა მისი კავშირები რომის საყდართან და, მართალია, ზოგჯერ გარკვეულ დაძაბულობასაც უჩენია თავი, მაგრამ არასოდეს გამქრალა საერთო ქრისტიანული მოწოდების ცნობიერება. აქ, თქვენ შორის, ჩემი ყოფნა გამოხატულებაა იმისა, თუ რაოდენ მძაფრად ესწრაფვის კათოლიკური ეკლესია საქართველოს ეკლესიასთან ერთიანობას, ქრისტეს მიერ ვნების წინაღამეს თავისი ყველა მოციქულის ერთობისათვის აღვლენილი ლოცვის პასუხად“.

თავის გამოსვლაში პაპმა მოიყვანა შოთა რუსთაველის ციტატა:

„ყოველთა სწორად წყალობასა ვითა თოვლსა მოათოვდეს,
ობოლ-ქვრივნი დაამდიდრნეს და გლახაკნი არ ითხოვდეს,
ავთა მქნელნი დააშინნეს, კრავნი ცხვართა ვერ უწოვდეს,
შიგან მათთა საბრძანისთა, თხა და მგელი ერთად ძოვდეს“.

სიტყვა კი პაპმა ისევ ქართულად დაამთავრა: „ღმერთმა დალოცოს ეს მიწა-წყალი, უწყალობოს მას თანხმობა, მშვიდობა და კეთილდღეობა, ღირსეული ვაჟები და ქალები!“

© ედიშერ ვალიშვილისაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და რომის პაპი იოანე პავლე II.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და რომის პაპი იოანე პავლე II. - Sputnik საქართველო
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და რომის პაპი იოანე პავლე II.

დღის მეორე ნახევარში პაპი იოანე პავლე II საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საპატრიარქოში ეწვია. შეხვედრაში ორივე ეკლესიის მღვდელმსახურები და ფართო საზოგადოებრიობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. პაპს შეხვდნენ ქართული „მრავალჟამიერით“ და უკვდავი ჰიმნით „შენ ხარ ვენახი“. პატრიარქმა ილიამ სტუმარს შემდეგი სიტყვებით მიმართა:
„თქვენო უწმინდესობავ, ჩემო მოსიყვარულე ძმაო, გამოვხატავ დიდ სიხარულს საქართველოში თქვენი ვიზიტის გამო… ჩვენ გესალმებით თქვენ იმ ეკლესიისა და ქვეყნის სახელით, სადაც ქადაგებდნენ მოციქულები ანდრია პირველწოდებული, ბართლომე, თადეოზი, სვიმონ კანანელი და მატათა, რომელთაგან ორი მოციქული — სვიმონ კანანელი და მატათა საქართველოში არიან დაკრძალული. საქართველო —  ესაა ქვეყანა, სადაც ქრისტიანობა უკვე მეოთხე საუკუნიდან გავრცელდა და სადაც, როგორც ბიზანტიაში, სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. საქართველო — ესაა ქვეყანა, სადაც იმპერატორ კონსტანტინე დიდის მიერ გამოგზავნილი სამსჭვალი და ჩვენი უფალის იესო ქრისტეს კვართი, აგრეთვე წმინდა ნინოს მიერ შეკრული ვაზის ჯვარი და სხვა სიწმინდეები ინახება. საქართველო — ესაა ქვეყანა, სადაც წმინდა იოანე ოქროპირმა და მაქსიმე აღმსარებელმა მიიძინეს. საქართველო — ესაა ქვეყანა, რომლის დედა და დიასახლისი ღვთისმშობელია, ვინაიდან იგია მისი წილხვედრი; ამავე დროს ივერია წმინდა გიორგისა და წმინდა ნიკოლოზის განსაკუთრებული მფარველობის ქვეშ იმყოფება. ეს ყოველივე უფლებას გვაძლევს ვთქვათ, რომ საქართველოს ღვთის ხელი ჰფარავს და ღვთის მადლი ინახავს…“

Новоизбранный папа римский Франциск (в центре) на балконе главного католического храма - Собора святого Петра перед верующими произносит традиционное благословение. 13 марта кардиналы на конклаве избрали нового понтифика - 266-го главу Римско-католической церкви - аргентинского архиепископа Буэнос-Айреса (Аргентина) кардинала Хорхе Марио Бергольо. - Sputnik საქართველო
რომის პაპი საქართველოში

საპასუხო სიტყვაში იოანე პავლე მეორემ აღნიშნა, რომ ქრისტიანული ისტორიისა და კულტურის გამო საქართველო მსოფლიო ეკლესიის აღიარებას იმსახურებს. „ქვეყანაში, სადაც, ტრადიციის თანახმად, ქრისტეს კვართი ინახება, წმინდა და განსწავლულმა ბერებმა არაერთი ხელთუქმნელი ძეგლით გაამდიდრეს კულტურისა და ცივილიზაციის საგანძური. თვით ქართული ანბანიც ამ ხალხის ენაზე ღვთის სიტყვის საქადაგებლად შეიქმნა. წამებულთა მთელმა ლაშქარმა შესწირა თავისი სისხლი წმინდა სახარებას მაშინ, როდესაც ქრისტეს რწმენა ითვლებოდა დანაშაულად, რომლისთვისაც სიკვდილით სჯიდნენ. ცხრანი ყრმანი კოლაელნი გავიხსენოთ თუ წმინდა შუშანიკი, ევსტათი მცხეთელი თუ აბო ტფილელი, ანდა ქეთევან წამებული. ასეთი ქრისტიანული ისტორიისა და კულტურისათვის საქართველო მსოფლიო ეკლესიის აღიარებას იმსახურებს“.

ილია II-მ ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით იოანე პავლე II-ს ღვთისმშობელ მარიამის ხატი გადასცა. იმავე საღამოს რომის პაპმა მოინახულა სვეტიცხოველი — „ისტორიული შენობა — ქართული ეკლესიის სიმბოლო, რომელიც, მისი სიტყვებით, „საუკუნეთა განმავლობაში ყოველ დროს – ჭირშიც და ლხინშიც, სწორედ იგი გახლდათ ერის სულიერი ძალის ნავსაყუდელი“. სვეტიცხოველში რომის პაპმა და ილია II-მ მიიღეს ერთობლივი მიმართვა მშვიდობის შესახებ მსოფლიოს ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციების, რელიგიური ლიდერებისა და ყველა კეთილი ნების ადამიანის მიმართ.

© ედიშერ ვალოშვილი რომის პაპი იოანე პავლე II
 რომის პაპი იოანე პავლე II - Sputnik საქართველო
რომის პაპი იოანე პავლე II

მეორე დღის დილით დაგეგმილი იყო საზეიმო კათოლიკური მესის ჩატარება. ვატიკანის წარმომადგენლებმა სურვილი გამოთქვეს, რომ პონტიფიკოსს წირვა თბილისის ერთ-ერთ მოედანზე შეესრულებინა, მაგრამ საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ სპორტის სასახლე შესთავაზა. ამასთან, ილიამ მეორემ მართლმადიდებლები გააფრთხილა, კათოლიკურ მესას არ დასწრებოდნენ და ამას „დაუშვებელი ნაბიჯი“ უწოდა. დარბაზი, რომელიც 10 ათას კაცს იტევს, გაჭედილი იყო; საქართველოს დედაქალაქში კათოლიკები დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ყველა ქვეყნიდან ჩამოვიდნენ.

„ძვირფასო საქართველოს ძმანო და დანო, თქვენთან მოვედი, რათა იმედი გახაროთ: ღმერთს უყვარხართ! — წარმოთქვა პაპმა მესის დაწყების წინ. — ჩემი ფიქრი სწვდება ყველას, ვინც სულიერად ჩვენთანაა, განსაკუთრებით კი — სნეულებსა და ხანდაზმულებს, აგრეთვე, სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ სტუმრებს. წარსულში, დევნის უმძიმესსა და უსიხარულო წლებში, გულით ვატარებდი საქართველოს და დღეს ბედნიერი ვარ, რომ თქვენთან ვიმყოფები, რათა თქვენთან ერთად ვილოცო და ღმერთს მადლობა შევწირო დაბრუნებული თავისუფლებისათვის“.

თავის ქადაგებაში პაპმა, კერძოდ, აღნიშნა მაღალი სულიერება, რაც ქართული ეროვნული ხასიათისთვის ნიშანდობლივია, სხვა ერებისადმი ქართველი ხალხის რჯულშემწყნარებლობა. „ამასთან, საქართველო ყოველთვის იყო განუმეორებელი სტუმართმოყვარეობისა და მასპინძლობის ქვეყანა. თქვენი ქვეყანა იქცა, ასევე, პატივისცემისა და შემწყნარებლობის მისაბაძ მაგალითად განსხვავებული რელიგიის მიმდევართა მიმართაც. თქვენში კეთილი ნების ყველა ადამიანთან თანაცხოვრებისა და თანამშრომლობის ამ გამყარებულ თვისებაზე მჭევრმეტყველურად მოწმობს ის ფაქტი, რომ არც თუ ისე მოშორებით, ერთმანეთის გვერდით დგას ქრისტიანული, ებრაული და მუსულმანური სალოცავები“.

მესა, რომელსაც ედუარდ შევარდნაძე, პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია, სახელმწიფო მინისტრი ვაჟა ლორთქიფანიძე ესწრებოდნენ, ლათინურ, აგრეთვე ქართულ, ინგლისურ და პოლონურ ენებზე აღესრულებოდა. მესის დამთავრების შემდეგ ედუარდ შევარდნაძე შემაღლებულ ადგილზე ავიდა, სადაც რომის პაპი იმყოფებოდა, მოეხვია მას და მადლობა გადაუხადა ამ ისტორიული დღისთვის საქართველოს ცხოვრებაში და კაცობრიობის გაერთიანებაში შეტანილი წვლილისთვის. იმავე დღეს ვატიკანის ხელმძღვანელს საქართველოს პრეზიდენტმა კრწანისის სამთავრობო რეზიდენციაში უმასპინძლა.

საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა საპატიო სტუმარს ცნობილი მხატვრების — ზურაბ ნიჟარაძისა და ზურაბ წერეთლის ნამუშევრები უსახსოვრა.

ღამის გასათევად რომის პაპი მის ყველაზე ახლობელ რამდენიმე თანმხლებ პირთან ერთად უპატრონოთა და მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა თავშესაფარში შეჩერდა, რომელიც თბილისში დედა ტერეზამ ააგო და სადაც მისი დები დღემდე მუშაობენ.

ზოგიერთი მართლმადიდებელი მორწმუნე საქართველოში რომის პაპის ვიზიტს სკეპტიკურად შეხვდა, ეჭვი შეიტანა, რომ მართლმადიდებელ საქართველოში პონტიფიკოსის ჩამოსვლას ვატიკანი ამ ქვეყანაში საკუთარი გავლენის გასაძლიერებლად აუცილებლად გამოიყენებდა. გავრცელდა სპეციალური „მიმართვა ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანისადმი“, რომელშიც, კერძოდ, აღნიშნული იყო, რომ თბილისში რომის პაპის ჩამოსვლის მთავარი მიზანია „პაპიზმის ერესის განმტკიცება, მართლმადიდებლური შეგნების დასუსტება და ეკუმენისტური განწყობილების გაფართოება“. ის მოდის, „რათა მოგვპაროს, მოგვკლას და დაგვღუპოს“.

ყველა ახალი ამბავი
0