თბილისი, 29 სექტემბერი– Sputnik. ლიტვის სეიმის საგარეო კავშირების კომიტეტმა მიიღო განცხადება საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მხარდასაჭერად, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკომისიის შეფასების თანახმად, საქართველომ წარმატებით განახორციელა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული მოთხოვნები, ხოლო 2016 წლის 5 სექტემბერს ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტმა (LIBE) მხარი დაუჭირა საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმის მინიჭების საკითხს.
"ლიტვის სეიმი მოუწოდებს სლოვაკეთს, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანას, ასევე, ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს, შეძლებისდაგვარად მოკლე ვადებში მიიღონ ყველა საჭირო გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით",-აღნიშნეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ზემოთ აღნიშნული გადაწყვეტილებები ხელს შეუწყობს საქართველოს საზოგადოების ნდობის განმტკიცებას ევროკავშირისა და მისი ინსტიტუტების მიმართ, რაც მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებებისა და იმ რეფორმების გაგრძელებისთვის, რომელიც დაკავშირებულია დემოკრატიასთან, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების პატივისცემასთან, ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოში ვარაუდობდნენ, რომ ევროკავშირი უვიზო რეჟიმს უკვე 2016 წლის ზაფხულში დააწესებდა, თუმცა, ივნისის დასაწყისში ამ საკითხის განხილვა გადაიდო. გადაწყვეტილების მიღებას მაშინ გერმანია, საფრანგეთი და იტალია შეეწინააღმდეგნენ. მოგვიანებით კი ამ ქვეყნებმა საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხზე მხარდაჭერა ღიად დააფიქსირეს.
ამ ეტაპზე მოსალოდნელია საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით რეგულაციების ცვლილებების საბოლოო ვარიანტის მომზადება. ტექსტი უნდა შეაჯერონ ევროპარლამენტის, ევროკომისიისა და ევროკავშირის კავშირის წარმომადგენლებმა.
ამის შემდეგ დოკუმენტს კენჭი უნდა უყარონ ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ხოლო შემდეგ — დაამტკიცონ ევროკავშირის საბჭოში. თუ ევროპარლამენტის დეპუტატები კანონპროექტს დაამტკიცებენ, საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებში ყოფნას 180 დღის მანძილზე 90 დღის ვადით შეძლებენ.
2014 წელს ევროკავშირმა და საქართველომ ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.