თბილისი, 29 სექტემბერი– Sputnik. საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, ოდესის ოლქის ამჟამინდელ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში ციხის საკანი ელოდება, განაცხადა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა.
საქართველოში სააკაშვილზე შიდა სახელმწიფოებრივი ძებნაა გამოცხადებული. ორშაბათს სააკაშვილის მეუღლემ სანდრა რულოვსმა, რომელიც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობს, განაცხადა, რომ თუ საჭირო გახდება, მიხეილ სააკაშვილი ოდესიდან სოლოლაკამდე გვირაბს გათხრის და პარტიის გამარჯვებას იზეიმებს.
"ეს ბელადი უკრაინიდან ქადაგებს, მისი მეუღლე კი მასვე რაღაც გვირაბებს უთხრის. სასჯელაღსრულების სამინისტრის კუთხით, ევროპისგან არც თუ ისე შორს ვართ და მის მეუღლეს ჯურღმულსა და გვირაბში არ ვაცხოვრებთ. კარგი, გამართული საკნები გვაქვს. ძალიან კარგი საკანი ელოდება ",-ტელეარხ "GDS"-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა ივანიშვილმა.
სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში მას შემდეგ დატოვა, რაც ახლადარჩეული პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა. ის ჯერ აშშ-ში გაემგზავრა, სადაც ერთერთ უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა, მოგვიანებით კი კიევში გადავიდა და უკრაინი სხელისუფლების წარმომადგენლებთან მჭიდრო ურთიერთობების წყალობით ოდესის გუბერნატორის პოსტზე დაინიშნა და უკრაინის მოქალაქეობა მიიღო.
საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები გაძლიერებული მზადყოფნის რეჟიმში მუშაობენ. ეს გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა იმით ახსნა, რომ ხელიუფლებას ხელთ აქვს ინფორმაცია წინასაარჩევნო პერიოდში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან შესაძლო პროვოკაციების შესახებ.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" არა ერთხელ უარყოფდა ხელისუფლების ბრალდებებს და აცხადებდა, რომ პროვოკაციებში მმართველი პარტია არის დაინტერესებული.
საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს ჩატარდება.