თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. კასპში კომპანია „ჰაიდელბერგცემენტის“ ცემენტის ქარხნის რეკონსტრუქცია დაიწყო. ქარხანაში დამონტაჟდება ცემენტის მშრალი წარმოების ახალი ტექნოლოგიური ხაზი.
პროექტის რეალიზაციაში კომპანიამ 100 მილიონი დოლარი ჩადო. „ჰაიდელბერგცემენტ კავკაზუსის“ საწარმოთა გადაიარაღებისა და განვითარების პროექტი 2016-2018 წლებში განხორციელდება.
„ჰაიდელბერგცემენტი“ სამშენებლო მასალათა, მათ შორის ცემენტისა და ბეტონის მსოფლიო მწარმოებელია.
საქართველოში „ჰაიდელბერგცემენტი“ 2006 წლიდან მოღვაწეობს. საქართველოში კომპანია 3 ცემენტის, 12 ბეტონის და 2 ინერტული მასალების მწარმოებელ ქარხანას ამუშავებს. კომპანია ასევე ფლობს ფოთში ცემენტის გადამამუშავებელ ქარხანას. ყოველწლიურად „ჰაიდელბერგცემენტი“ საქართველოში 2 მილიონ ტონა ცემენტსა და 670 ათას კუბომეტრ ბეტონს აწარმოებს.