თბილისი, 29 სექტემბერი– Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სამთო-სათხილამურო კურორტ ბაკურიანში საერთაშორისო სტანდარტების ბიატლონის ტრასის მოწყობა დაანონსა.
ტრასის დაპროექტება ფრანგულ კომპანია „აბესტთან“ (ABEST) ერთად დაიწყება. ამაზე სახელნწიფო 796 500 ლარი გამოყოფს.
"ეს იქნება საერთაშორისო ოლიმპიური სტანდარტის ბიატლონის ტრასა. ჩვენ შევისწავლეთ მოთხოვნა და ვფიქრობთ, რომ ეს კონკრეტული ინფრასტრუქტურა ბაკურიანის კურორტს ძალიან მნიშვნელოვან დატვირთავს და არამარტო ზამთრის სეზონზე. ბიატლონის მიმართულებით, სავარჯიშოდ მთელი წლის განმავლობაში არის მოთხოვნა",-განაცხადა კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება, რომელიც ბაკურიანში იგეგმება, მნიშვნელოვანია იქ მიმდებარე სოფლებისათვის, ხაზი გაუსვა პრემიერმა.
"რა თქმა უნდა, ჩვენ ბორჯომი და ბაკურიანი ერთიან კონტექსტში უნდა განვიხილოთ. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ იქით, რომ ბაკურიანში იკვრება სრული წრედი ოლიმპიური ინფრასტრუქტურის მთელი კომპლექსის ჩამოყალიბების, რაც ქმნის აბსოლუტურად რეალისტურ წინაპირობას, რომ დაახლოებით, 10 წლიან პერსპექტივაში საქართველომ ოლიმპიადის ჩატარებაზე იფიქროს",- აღნიშნა მან.
პრემიერმა დაამატა, რომ მომავალში ბაკურიანში იგეგმება ჰოკეის ახალი დარბაზის, მთელი რიგი საცხოვრებელი თუ გასართობი ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რაც ბორჯომ-ბაკურიანის კომპლექსს, საერთაშორისო მნიშვნელობის კურორტად აქცევს. მან აღნიშნა, რომ ეს ორი კურორტი კომპლექსურად უნდა განიხილებოდეს.