თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. თბილისის გარეუბანში, ქვემო ფონიჭალაში, სამთავრობო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, პლასტმასისა და პლასტმასის ნაკეთობების მწარმოებელ ქარხანას ააშენებენ, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
საწარმოს მშენებლობისთვის საქართველოს მთავრობამ ინვესტორს 2 ათას 990 კვადრატული მეტრი ფართი გამოუყო. ინვესტიციების მოცულობა 665 ათას 778 ლარს შეადგენს.
„მთავრობის გადაწყვეტილებით დღეს კიდევ ერთი საწარმოს მშენებლობას ეყრება საფუძველი. ეს გახლავთ პლასტმასისა და მისი ნაწარმის მწარმოებელი ქარხანა… ძალიან მისასალმებელია, რომ ამ პროგრამის მიმართ აქტიურობა გაზრდილია“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.
„აწარმოე საქართველოში“ — ეს ადგილობრივი წარმოების სტიმულირებისკენ მიმართული სახელმწიფო პროგრამაა. მისი მიზანია საქართველოში მეწარმეობის განვითარება, რაც გულისხმობს ახალი საწარმოების შექმნასა და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდას, ასევე ახალ ტექნოლოგიებზე წვდომის უზრუნველყოფას.
პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 171 საწარმო. მთლიანობაში ინვესტიციები 395 მლნ ლარს ჭარბობს და დაახლოებით 7,6 ათასი ადამიანის დასაქმებას გულისხმობს.