თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. გარდაბანში მსოფლიოში ცნობილი გერმანული კომპანია Henkel-ის, კავკასიაში პირველი, წებოვანი, მშრალი ნარევი მასალების მწარმოებელი ქარხანა გაიხსნა.
საწარმოს გახსნის ცერემონიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.
„ეს იქნება კიდევ ერთი პროდუქტი — Made in Georgia, რომელიც გერმანიის და საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის ნათელი მაგალითი იქნება…ჩვენ გვაქვს მომავალი ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს ინფრასტრუქტურული მოდერნიზაციის ძალიან ამბიციური გეგმები“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, ასეთი ქარხნის გახსნა კიდევ ერთი დადასტურებაა იმის, რომ საქართველოში ბიზნესისთვის მიმზიდველი გარემოა.
საწარმოში, რომელშიც 8 მლნ აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია ჩაიდო, 35 ადამიანი დასაქმდება. ქარხანაში წარმოებული პროდუქციის რეალიზება როგორც შიდა ბაზარზე, ისე სომხეთსა და აზერბაიჯანში მოხდება. 2013-2014 წლებში ვიდრე საქართველოში ქარხნის მშენებლობაზე გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული, კომპანია Henkel-მა საქართველოს საინვესტიციო გარემო შეისწავლა.