თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრში ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ოპერაციების ჩატარება დაიწყება.
მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრის ბაზაზე მაღალტექნოლოგიური ამბულატორიული კლინიკა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრი გაიხსნა. ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო.
„საქართველოში პირველად ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ოპერაციები იწყება. ყველა შესაბამისი პირობა ამ კლინიკაში შექმნილია, რაც ძალიან მისასალმებელია, რადგან ჩვენ ხშირად გვიწევდა პაციენტების უცხოეთში გაგზავნა. ამ შემთხვევაში ჩვენ აღარ მოგვიწევს გაგზავნა და ოპერაციები შესრულდება ქართველი მედიკოსების მიერ, მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრში, რაც მისასალმებელია“, — განაცხადა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა.
მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ ეს ტენდენცია ქართულ მედიცინაში გაგრძელდება და თანდათან ქვეყანაში ყველა დაავადების მკურნალობა იქნება შესაძლებელი.
„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შედეგად, სტაბილური დაფინანსებიდან გამომდინარე, შესაძლებელი გახდა ასეთი დონის აპარატურის შეძენა. ისრაელთან ერთად მიმდინარეობს ექიმთა გადამზადების ერთობლივი პროგრამები და ერთობლივად ტარდება ისეთი ოპერაციები, რომლებსაც ადრე საქართველოში არ ატარებდნენ“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.
მაღალტექნოლოგიური ამბულატორიული კლინიკა აერთიანებს ონკოჰემატოლოგიისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრს, სისხლის ბანკს, სხივური თერაპიისა და დიაგნოსტიკის ახალ დეპარტამენტებს. კლინიკის ბაზაზე ასევე მოქმედებს პედიატრიული განყოფილება და ბავშვთა რეანიმაციის სამსახური.