თბილისის, 28 სექტემბერი — Sputnik. სასტუმროების მოძიების ინტერნეტ-სერვისის RoomGuru.ru-ს ვერსიით, რუსი ტურისტებისთვის საქართველოს დედაქალაქი ახალი წლის დღეებში დასასვენებლად ყველაზე პოპულარული ქალაქების სიაში მოხვდა.
რეიტინგი შედგენილია 2016 წლის 31 დეკემბრიდან 2017 წლის 8 იანვრის ჩათვლით პერიოდში სასტუმროებისა და საცხოვრებელი ფართების ძიებისა და დაჯავშნის მონაცემების მიხედვით.
RoomGuru.ru-ს მონაცემებით, თბილისში რუსი ტურისტები საახალწლო დღესასწაულებზე ჩასვლას, საშუალოდ, ოთხი დღით გეგმავენ. მათ თბილისში საახალწლო დღეებში ცხოვრება ერთი დღე-ღამე დაახლოებით 40 ევრო დაუჯდებათ მაშინ, როდესაც საზღვარგარეთ ტურისტები საცხოვრებელ ფართზე, საშუალოდ, 85 ევროს დახარჯვას აპირებენ.
თბილისს პოპულარული მიმართულებების რეიტინგში მეცხრე ადგილი უჭირავს. პირველ ხუთეულში შედიან პრაღა, მინსკი, ტალინი, ბუდაპეშტი და ჰელსინკი. შემდეგ მოდიან რიგა, ბაქო, სტამბული და ერევანი.
გარდა ამისა, სააგენტო „ტურსტატის“ მონაცემებით ცნობილი გახდა, რომ რუსეთიდან ტურისტების ნაკადის რაოდენობა ახალი წლის დღეებში, გასულ წელთან შედარებით, 10%-ით იზრდება.
რეიტინგის თანახმად, რუსი ტურისტების ყველაზე იაფი მოგზაურობა საზღვარგარეთ იგეგმება მინსკსა და ვარშავაში, ხოლო ყველაზე ხანგრძლივი ტურები — პრაღასა და ბუდაპეშტში.