რაჭაში მგზავრობის დრო ერთი საათით შემცირდება

გამოწერა
საქართველოს ხელისუფლება მთელი ქვეყნის მასშტაბით ავტომაგისტრალების მშენებლობას განაგრძობს. ამის წყალობით მგზავრობის დრო ერთი რეგიონიდან მეორეში მნიშვნელოვნად შემცირდება.

თბილისი, 27 სექტემბერი – Sputnik. ზემო იმერეთი–რაჭის მიმართულებით ახალი ორზოლიანი, 55 კილომეტრი სიგრძის გზას ააშენებენ. პროექტის განხორციელების შემდეგ მგზავრობის ხანგრძლივობა ზემოაღნიშნული მიმართულებით ერთი საათით შემცირდება, განაცხადეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

საპროექტო სამუშაოები 2016 წლის ოქტომბერში დაიწყება. გზის მშენებლობის სამუშაოები კი, რომლის სავარაუდო ღირებულება 60 მილიონი აშშ დოლარი იქნება, 2018 წელს დაიწყება და 2020 წლისთვის დასრულდება.

„საპროექტო სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, რაც შეეხება სამშენებლო სამუშაოების დაფინანსების წყაროს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვადასხვა დონორ ორგანიზაციასთან“, – აღნიშნეს სამინისტროში.

უფრო ადრე საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ მთავრობა ოთხი წლის განმავლობაში აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მოდერნიზაციის დასრულებას, ასევე ახალი ავტობანებისა და გზების მშენებლობას გეგმავს. 

რიკოთის უღელტეხილი - Sputnik საქართველო
დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს 90 ხიდი და 40 გვირაბი დააკავშირებს

კერძოდ, მან ყურადღება გაამახვილა თბილისიდან ლაგოდეხისკენ მიმავალი ავტობანის მშენებლობაზე, რომელიც აზერბაიჯანთან აკავშირებს და მცხეთა–ლარსის გზაზე და აღნიშნა, რომ ვლადიკავკაზამდე ავტობანის გაყვანისთვის დამატებითი რესურსების მოზიდვა იქნება საჭირო.

გარდა ამისა, დაგეგმილია გზის მშენებლობა, რომელიც ქუთაისს სვანეთთან გვირაბების მეშვეობით,, ცაგერისა და ლენტეხის გავლით დააკავშირებს.

უახლოეს პერიოდში იწყება ლენტეხიდან მესტიის მიმართულებით, უშგულის გავლით, შემოვლითი გზის მშენებლობა. პრემიერმა განაცხადა, რომ მთავრობა, ოთხი წლის განმავლობაში გეგმავს გზის აშენებას ქუთაისიდან სამხრეთ საქართველოს მიმართულებით, რომლის საპროექტო სამუშაოები უკვე დაწყებულია.

ყველა ახალი ამბავი
0