თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. რუსეთი ლიდერობს საქართველოში თანხების გადმორიცხვის მოცულობით. აგვისტოში ამ ქვეყნიდან 37,0 მილიონი დოლარია გადმორიცხული, რაც 1,9%-ით ნაკლებია მიმდინარე წლის ივლისთან შედარებით, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში.
გადარიცხვების ელექტრონული სისტემების დახმარებით, საქართველოს კომერციულ ბანკებში აგვისტოს თვეში გადმორიცხული თანხების საერთო მოცულობის 34,9% რუსეთზე მოდის. აგვისტოში საქართველოში სხვადასხვა ქვეყნიდან 105,8 მილიონი დოლარი გადმორიცხეს.
ამასთან, გასულ წელთან შედარებით, ფულადი გადარიცხვები რუსეთიდან შემცირდა. პირველი რვა თვის განმავლობაში საქართველოში 13,2%-ით ნაკლები გადარიცხვა განხორციელდა ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.
რუსეთიდან ფულადი გადარიცხვების საერთო მოცულობამ 2016 წლის აგვისტო-იანვარში 248 მილიონი დოლარი შეადგინა. სულ უცხოეთიდან საქართვლოში რვა თვის მანძილზე 731,8 მილიონი დოლარი შემოვიდა, რაც 2,4%-ით მეტია 2015 წლის ანალოგიურ პერიოდზე.