ივანიშვილი წინააღმდეგი არ არის, ღარიბაშვილი რომ პრეზიდენტი გახდეს

© photo: press-service of Prime Minister of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტზე საქართველოს ღირსეულად ემსახურა, ამიტომ, ივანიშვილის განცხადებით, მას მომავალშიც შეუძლია ქართულ პოლიტიკაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს.

თბილისი, 26 სექტემბერი —  Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი არ გამორიცხავს, რომ ქვეყნის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.

ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობას ორი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. მან ამ თანამდებობაზე ივანიშვილი შეცვალა. საზოგადოებისთვის მოულოდნელად, ის პრემიერის თანამდებობიდან,  2015 წლის დეკემბრის ბოლოს გადადგა. ამის შემდეგ მედიასაშუალებებში არაერთხელ საუბრობდნენ პოლიტიკაში მისი შესაძლო დაბრუნების შესახებ.

ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში არ იქნება

„ჩემი პოზიცია ასეთია — რატომაც არა, თუმცა შორსაა ჯერ საპრეზიდენტო არჩევნები. მაგ თემაზე მე მსჯელობა არ მქონია, მათ შორის არც ირაკლისთან. ვფიქრობ, რომ ირაკლის შეუძლია საქართველოს პოლიტიკაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს უახლოეს მომავალში და უფრო შორსაც“, — განაცხადა ივანიშვილმა ქვემო ქართლში ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.

ღარიბაშვილი თავის ქვეყანას ღირსეულად ემსახურა და ღირსეულად წავიდა, აღნიშნა ივანიშვილმა.

„დღევანდელი გადმოსახედიდან მე მივესალმებოდი მის კანდიდატურას, თუმცა იქამდე ბევრი დროა და უნდა დაველოდოთ მოვლენებს, შეიძლება მანამდეც მოინდომოს გამოჩენა“, — აღნიშნა მან.

ბიძინა ივანიშვილი მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელია. ის საქართველოს პრემიერი 2012 წელს გახდა, 2013 წლის ბოლოს კი თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა, გადავიდა სამოქალაქო სექტორში და შექმნა არასამთავრობო საზოგადოება „მოქალაქე“.

ყველა ახალი ამბავი
0