თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) სტუდენტთა ჯგუფმა, რომელიც „აუდიტორია 115“-ად იწოდება, უნივერსიტეტის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართა და ხელისუფლების წარმომადგენლებს პირველკურსელებისთვის სასწავლო წლის დაწყების მილოცვის საშუალება არ მისცა.
„აუდიტორია 115“ თსუ-ის ახლადარჩეულ რექტორ გიორგი შარვაშიძესთან შეხვედრას შეეცადა, რომელმაც პირველკურსელებს მიულოცა. უნივერსიტეტის დაცვის თანამშრომლებმა მათ შეხვედრაზე შესვლის საშუალება არ მისცეს, რის გამოც მათ შორის დაპირისპირება მოხდა.
„მთავრობისგან მოვითხოვთ განათლების სფეროში ისეთი რეფორმების გატარებას, რომლებიც მოსწავლეს შესაძლებლობას მისცემს, რეპეტიტორების გარეშე მოხვდეს უმაღლეს სასწავლებელში და დამატებითი გაკვეთილებისთვის უზარმაზარი თანხები არ გადაიხადოს“, — განუცხადა Sputnik-ს „აუდიტორია 115“-ის წარმომადგენელმა გიგი ბერიძემ.
„აუდიტორია 115“-ის წევრების ძირითადი მოთხოვნაა სტატუსის აღდგენა იმ სტუდენტებისთვის, ვინც ფინანსების უქონლობის გამო სწავლის გაგრძელებას ვერ ახერხებენ.
„მოვითხოვთ, რომ მათ თანხის ეტაპობრივად გადახდის საშუალება მისცენ“, — აღნიშნა ბერიძემ.
რექტორმა „აუდიტორია 115“-ის ქმედებებს პოლიტიზირებული უწოდა, თუმცა ის ყველა სტუდენტთან დიალოგისთვის მზადაა, რათა უნივერსიტეტმა უწინდელი დიდება დაიბრუნოს.
ამ განცხადებას „აუდიტორია 115“-ის აღშფოთება მოჰყვა. მათ რექტორისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვეს.
„შარვაშიძემ ვერ აგვიხსნა, რას გულისხმობს პოლიტიკური სარჩულის ქვეშ და არ დაუმტკიცებია, რომ ჩვენი მოთხოვნები რომელიმე პოლიტიკური ძალისგან იმართება. მან ისიც თქვა, რომ ჩვენი მოთხოვნები „ქართული ოცნების“ გეგმას სრულად შეესაბამება“, — აღნიშნა ბერიძემ.
რამდენიმე თვის წინ თსუ-ში სტუდენტთა საპროტესტო აქციები დაიწყო. ისინი უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმირებასა და უმაღლესი სასწავლების სპეცსამსახურებისგან გაწმენდას მოითხოვდნენ.
აქციების პირველ ტალღას თსუ-ის რექტორის ვლადიმერ პაპავას გადადგომა მოჰყვა. ამის შემდეგ რექტორის მოვალეობას პროფესორი დარეჯან თვალავაძე ასრულებდა. რამდენიმე დღის წინ თსუ–ში რექტორად გიორგი შარვაშიძე აირჩიეს.