თბილისი, 24 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება ნარკოტესტირების ამჟამინდელი სისტემის შეცვლას გეგმავს, რადგან ის ღირსების შემლახველია, განაცხადა დეპუტატობის კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან“ თამარ ჩუგოშვილმა.
მოქმედი კანონმდებლობით, ნარკოლოგიური შემოწმება დასაშვებია, თუ პოლიციელი თავად გახდა ნარკოტიკების მოხმარების ფაქტის მოწმე, ან მოქალაქე პოლიციის შემოწმებისას მიმალვას ან შემოწმების თავიდან არიდებას ცდილობს და ამასთან, არის ეჭვი, რომ მან ნარკოტიკი მოიხმარა.
„მნიშვნელოვანია, რომ მოხმარების შემთხვევაში, დასჯის ნაცვლად, სახელმწიფომ აქცენტი გააკეთოს ჯანმრთელობის დაცვაზე და პრევენციაზე. ჩვენ ეს ძირითადი მიმართულებები გვაქვს. რა თქმა უნდა, ნარკოტესტირების ფორმის შეცვლას ვგეგმავთ, რადგანაც იმ ფორმის გამოყენება, რომელიც დღეს გვაქვს, ღირსების შემლახველია“, – განუცხადა ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს.
ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია ქვეყანაში აუცილებელია, თუმცა ეს ნარკოტიკების რეალიზაციას არ შეეხება, ეს ცალსახად მძიმე დანაშაულია, აღნიშნა მან.
მარიხუანის დეკრიმინალიზაციას მანამდე პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“ მოითხოვდა. ეს პარტია 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ბურჭულაძის საარჩევნო ბლოკში შევიდა, თუმცა, მოგვიანებით დატოვა ის. ამასთან, პარტიის წარმომადგენლები ბლოკის სიაში დარჩნენ.
საქართველოში 4,8 ათასზე მეტი გამოკითხულიდან 15,9%–ს მარიხუანა ერთხელ მაინც აქვს გასინჯული. ასეთია დამოკიდებულების კვლევითი ცენტრ „ალტერნატივა ჯორჯიასა“ და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემები.
მარიხუანის მოხმარების საშუალო ასაკი მამაკაცთა შორის 19–22 წელია, ხოლო ქალთა შორის – 20–22. მინიმალური ასაკი მამაკაცთა შორის 12, ხოლო ქალთა შორის – 17 წელია.
საქართველოში მარიხუანის მოხმარება და წარმოება, დაკავების პირველ შემთხვევაში, ადმინისტრაციულ დანაშაულთა რიცხვს განეკუთვნება, მეორე დაკავების შემთხვევაში – სისხლის სამართლის დანაშაულად და ისჯება ჯარიმით, ან გამოსასწორებელი სამუშაოებით, ან თავისუფლების 1 წლის ვადით აღკვეთით.