თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ექსპ-რეზიდენტი, ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ თბილისში 2011 წლის 26 მაისს საპროტესტო აქციის დარბევის საქმეზე ოდესის ოლქის ეროვნული პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის გიორგი ლორთქიფანიძისადმი ბრალის წაყენებას ეხმაურება.
ლორთქიფანიძეს ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ძალის ან იარაღის გამოყენებით, რაც ხუთიდან რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება. აქციის დარბევის დროს ლორთქიფანიძე საქართველოს შს მინისტრის მოადგილე იყო.
საქართველოს პროკურატურამ სამშაბათს შსს-ს ექს-ჩინოვნიკი ჩვენების მისაცემად დაიბარა, მაგრამ ის ჯერ არ გამოცხადებულა. თუ ლორთქიფანიძე 17:00 საათამდე არ მივა პროკურატურაში, მასზე ძებნა გამოცხადდება.
”ყურით მოთრეული თემაა. სინდისიც კარგი საქონელია, რა შუაში იყო იქ ლორთქიფანიძე. ალბათ უნდათ, რომ ლორთქიფანიძე შეაშინონ, რომ საქართველოში არ ჩავიდეს, მაგრამ მას ვერ შეაშინებენ”, — განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა პირდაპირი ჩართვისას.
როგორც ექს-პრეზიდენტმა აღნიშნა, გიორგი ლორთქიფანიძე იმ პერიოდში უფროსი და გადაწყვეტილებების მიმღები არ იყო.
მანამდე ლორთქიფანიძემ განაცხადა, რომ საქართველოში ჩამოსვლას ვერ შეძლებს, რადგან შვებულება არ ეკუთვნის. ამასთან, პროკურატურაში დაბარებას მან უსაფუძვლო და საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული უწოდა.
ლორთქიფანიძემ აღნიშნა, რომ 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევასთან დაკავშირებით პროკურატურამ რამდენჯერმე დაკითხა და ის ახალს ვერაფერს იტყვის.
პროკურატურამ ბრალდება სამსახურებრივი მოვალეობის გადამეტებაში უკვე წაუყენა შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდ-ი) ყოფილ დირექტორს დათა ახალაიას, მის მოადგილე ვასილ ლელუაშვილს, კუდ-ის თბილისის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს ყოფილ უფროსს რევაზ შიუკაშვილსა და მეორე მთავარი სამმართველოს ყოფილ უფროსს ლევან ქარდავას.