თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. ოდესის ოლქის ეროვნული პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი გიორგი ლორთქიფანიძე ირწმუნება, რომ მისი საქართველოს პროკურატურაში გამოძახება უსაფუძვლოა და საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება.
გიორგი ლორთქიფანიძე, რომელსაც ადრე საქართველოს შს მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა, სამშაბათს მთავარმა პროკურატურამ 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის თაობაზე ჩვენების მისაცემად დაიბარა. ლორთქიფანიძესთან ერთად, ბრალი ოთხ ექს-ჩინოვნიკს წარედგინა.
„ჩემი გამოძახება საქართველოს პროკურატურაში მოკლებულია ყოველგვარ გონივრულ საფუძველს და მხოლოდდამხოლოდ უკავშირდება კარსმომდგრ — 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს და ხელისუფლების მიერ პრევენციული ზომების გატარებას ჩემი საქართველოში დაბრუნების ხელშეშლისთვის. ვწუხვარ, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის მოქმედება ნაკარნახებია ცალკეული პოლიტიკური პარტიის შიშებითა და ინტერესებით", — დაწერა ლორთქიფანიძემ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
როგორც ლორთქიფანიძემ აღნიშნა, ის პროკურატურამ ამ საქმეზე არაერთხელ დაკითხა და მას დასამატებელი არაფერი აქვს.
შეგახსენებთ: სამშაბათს მთავარმა პროკურატურამ 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის თაობაზე ახალი დეტალები გამოაქვეყნა. სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბებაში ბრალი შსს-ის ყოფილ მაღალჩინოსნებს წაუყენეს. ამას გარდა, საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს ოდესის პოლიციის უფროსი გიორგი ლორთქიფანიძე, რომელიც წარსულში საქართველოს შს მინისტრის მოადგილე გახლდათ.
პროკურატურამ ბრალდებულად ცნო კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი დავით ახალაია, მისი მოადგილე ვასილ ლელუაშვილი, ამავე დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი რევაზ შიუკაშვილი და მეორე მთავარი სამმართველოს უფროსი ლევან ქარდავა.
ნინო ბურჯანაძის „სახალხო კრების“ მიერ გამართული აქციის დარბევის შედეგად დაიღუპა აქციის ორი მონაწილე, სხვადასხვა სახის ჭრილობა მიიღო 250-მა ადამიანმა, ხოლო 800-მდე უკანონოდ დააკავეს.