2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევა: ბრალდებულია ოდესის პოლიციის უფროსი

© Prosecutor's Office of Georgiaმთავარი პროკურატურა
მთავარი პროკურატურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოძიებამ დაადგინა, რომ შსს-ს ძალებმა მომიტინგეებს ყველა გზა გადაუკეტა, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაეკავებინათ. მაშინ დაიღუპა აქციის ორი მონაწილე, დაიჭრა 250 ადამიანი, ხოლო 800-მდე ადამიანი უკანონოდ დააკავეს.

თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2011 წლის 26 მაისს, თბილისის ცენტრში, საპროტესტო აქციის დარბევის საქმის ახალი დეტალები გამოაქვეყნა. სამსახურებრივი მოვალეობის გადამეტების მუხლით ბრალდება შსს-ს ყოფილ მაღალჩინოსნებს წარედგინათ.

ბრალდებულთა შორის არიან ოდესის პოლიციის უფროსი გიორგი ლორთქიფანიძე — წარსულში საქართველოს შს მინისტრის მოადგილე, შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდ-ი) ყოფილი დირექტორი დათა ახალაია, მისი მოადგილე ვასილ ლელუაშვილი, კუდ-ის თბილისის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რევაზ შიუკაშვილი და მეორე მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი ლევან ქარდავა.

ყოფილი ჩინოვნიკების მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსსკ-ის მუხლით „სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ძალადობით ან იარაღის გამოყენებით“, რაც ხუთიდან რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სახალხო კრების“ საპროტესტო აქცია, რომელსაც პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ხელმძღვანელობდა, 26 მაისს დაარბიეს, გამოიყენეს წყლის ჭავლი, ცრემლმდენი გაზი, რეზინის ტყვიები და ხელკეტები. აქციის მონაწილეები ხუთი დღის განმავლობაში მართავდნენ აქციებს და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადადგომას ითხოვდნენ, ასევე ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს სამხედრო აღლუმის ჩაგდებით იმუქრებოდნენ. სპეცრაზმის ოპერაცია შუაღამით დაიწყო.

ვანო მერაბიშვილი - Sputnik საქართველო
წულუკიანი: მერაბიშვილის ვადამდელი გათავისუფლება არ იგეგმება

პროკურატურამ სამშაბათს გამოაქვეყნა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ისმის, როგორ მოუწოდებს დათა ახალაია ძალოვანებს, დააკავონ რაც შეიძლება მეტი ხალხი და მათ პრემიებს ჰპირდება. იქვე აღნიშნულია, რომ ექსპერტიზამ ვიდეოს ავთენტურობა დაამტკიცა.

როგორც პროკურატურაში აღნიშნავენ, ოპოზიციის მიტინგის დარბევა იმ დროს შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის ორგანიზებული იყო. დარბევის მიზანი მასობრივი დაკავებები, დასჯა და აქციის მონაწილეთა დაშინება იყო.

მიტინგის დარბევის მზადება 25 მაისს დაიწყო. პოლიციამ წინასწარ გადაკეტა რუსთაველის გამზირი, სადაც აქცია მიმდინარეობდა და მისი მიმდებარე ქუჩები, ხოლო თავისუფლების მოედანი გადაიკეტა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტისა და შს სამინისტროს სხვა დანაყოფების მეშვეობით, რომელთაც ადგილზე ხელმძღვანელობდნენ დავით ახალაია  და სხვა მაღალჩინოსნები.

მომიტინგეებს დრო დასაშლელად 26 მაისამდე მისცეს, მაგრამ აქცია არ დაიშალა. 00:10 საათზე მერაბიშვილმა მიტინგის დარბევის ბრძანება გასცა. სპეცრაზმმა დავალების შესრულება დაიწყო.

პროკურატურაში აღნიშნეს, რომ შსს-ს თანამშრომლებმა მომიტინგეებს გასასვლელი გზა სპეციალურად არ დაუტოვეს და ყველა ქუჩა გადაკეტეს. ამით აქციის მონაწილეები ალყაში აღმოჩნდნენ. ეს პროკურატურის მიერ მომზადებულ სპეციალურ გრაფიკულ გამოსახულებაში ჩანს.

აქციის დარბევის შედეგად დაიღუპა აქციის ორი მონაწილე, სხვადასხვა სახის ჭრილობა მიიღო 250-მა ადამიანმა, ხოლო 800-მდე უკანონოდ დააკავეს.

რაც შეეხება პრემიებს, მიტინგის დარბევის შემდეგ ქარდავამ მიიღო 13 ათას 780 ლარი, ლელუაშვილმა — 9 ათასი, ხოლო შიუკაშვილმა — 4 ათას ლარზე მეტი.

მიტინგის დარბევის შემდეგ შსს-ში 900 ათასი ლარის ოდენობის პრემიები გასცეს.

მაშინ, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების გამო, დისციპლინარული სასჯელი მიიღო შსს-ს 15-მა რიგითმა თანამშრომელმა. პროკურატურაში ამას თვალთმაქცობა უწოდეს და აღნიშნეს, რომ რეალური ვითარების დამალვის და, რაც მთავარია, დანაშაულში ივანე მერაბიშვილის, დავით ახალაიას და სხვა მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობის შენიღბვის მიზნით მოჩვენებითად დაისაჯა შინაგან საქმეთა სამინისტროს 15 რიგითი თანამშრომელი. უფრო მეტიც, დასჯილი პოლიციელებიდან არც ერთი უშუალოდ არ მონაწილეობდა მიტინგის დაშლაში.

მერაბიშვილი ამ საქმეზე სასჯელს უკვე იხდის. 2013 წელს სასამართლომ ის დამნაშავედ აღიარა და 0თხნახევარი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დავით ახალაიამ საქართველო 2012 წელს დატოვა. 2014 წელს თბილისის სასამართლომ მას დაუსწრებლად 3 წლითა და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა პოლიციის თანამშრომლების სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფისთვის.

ლელუაშვილი და ქარდავა 2016 წლის ივნისში, „ქართული ოცნების“ ლიდერების უკანონო აუდიოჩანაწერების (2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე) გავრცელების საქმეში დამნაშავედ სცნეს და ერთი წლითა და ექვსი თვით საპატიმროში გაამწესეს.

გარდა ამისა, ქარდავას ე. წ. ნავთლუღის ოპერაციის საქმეზე 11 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

ყველა ახალი ამბავი
0