თბილისი, 24 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს შს მინისტრმა აშშ-ის ელჩთან იან კელისთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ხელისუფლება საპარლამენტო არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩატარებაში დაინტერესებულია, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
მერვე მოწვევის პარლამენტის დეპუტატებს საქართველოს მოქალაქეები 8 ოქტომბერს აირჩევენ. არჩევნებში 19 პარტია და 6 საარჩევნო ბლოკი მონაწილეობს.
„საქართველოს მთავრობისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, არჩევნები ჩატარდეს მშვიდ და უსაფრთხო გარემოში, სადაც უზრუნველყოფილი იქნება მოქალაქეთა და პოლიტიკური პარტიების თავისუფალი ნების გამოხატულება, ყველა საერთაშორისო დემოკრატიული ნორმის დაცვით. შს სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები სრულ მზადყოფნაში არიან, უზრუნველყონ სამართლიანი და დემოკრატიული წინასაარჩევნო გარემო“, — განაცხადა აშშ-ს ელჩთან საუბრისას შინაგან საქმეთა მინისტრმა.
გიორგი მღებრიშვილმა იან კელის შსს-სა და ცესკო-ს შორის ხელმოწერილი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი და მის მიერ გამოცემული სპეციალური ბრძანება გააცნო, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან არჩევნების დემოკრატიულ გარემოში ჩატარების მიზნით დამატებითი ღონისძიებების განხორციელებას ითვალისწინებს.
„საქართველოში მშვიდი საარჩევნო გარემო ჩვენზე შთაბეჭდილებას ახდენს. საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას ნათლად ჩანს, რომ დიდი ყურადღება ექცევა პრობლემებს. რა თქმა უნდა, ინციდენტები ხდება, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებისთვის უმნიშვნელოა, თუმცა, საქართველოს ხელისუფლების ყურადღების ცენტრში ხვდება. ჩვენ ამ საკითხზე ხელისუფლების წარმომადგენლებს ვესაუბრეთ და უმაღლესი რანგის პირებისგან მივიღეთ გარანტია, რომ არჩევნები თავისუფალ, სამართლიან და უსაფრთხო გარემოში ჩატარდება“, 0 განაცხადა აშშ-ის ელჩმა.
ამ დღეებში გიორგი მღებრიშვილმა შს სამინისტროში ეუთოს არჩევნების სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელ ალექსანდრ კელჩევსკისთან გამართა შეხვედრა და ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო ვითარება განიხილა.