თბილისი, 24 სექტემბერი – Sputnik. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიამ საქართველოში სამდღიანი ვიზიტის შედეგები შეაჯამა და პარტიებს პროვოკაციებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ პარტიებს შორის დიდი კონკურენციაა, მათი ჩათვლით, ვინც პოლიტიკურ არენაზე ცოტა ხნის წინ გამოჩნდა. 8 ოქტომბრის არჩევნებზე რეგისტრირებულია 19 პარტია და 6 საარჩევნო ბლოკი.
„პოლარიზებული წინასაარჩევნო კამპანიის აღნიშვნით, თანამოსაუბრეთა უმრავლესობამ განაცხადა, რომ ის, წინა საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, ნაკლებად დაძაბულია. დელეგაციამ ყურად იღო წინასაარჩევნო კამპანიისას დაშინებისა და დარღვევების შემთხვევები და ყველა დაინტერესებულ პირს თავშეკავებისკენ მოუწოდებს“, – აღნიშნულია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
დამკვირვებლებმა ასევე მოუწოდეს ყველა დაინტერესებულ პირს, მომხდარი ინციდენტების გამოძიებისა და გასაჩივრებისთვის ოფიციალური პროცედურებით ისარგებლონ.
ვიზიტის ფარგლებში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრები შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, ცესკოს წევრებს, პარტიების წარმომადგენლებს, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ბიუროს დამკვირვებლებს, სამოქალქო სექტორის წარმომადგენლებსა და დიპლომატიურ კორპუსს.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებლები მჭიდროდ თანამშრომლობენ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ბიუროს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ნატოს საპარლამენტო ასამბლეისა და ევროპის პარლამენტის დამკვირვებლებთან.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებლები სხვადასხვა დროს აკვირდებოდნენ საქართველოში ექვსი საპარლამენტო და ოთხი საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობას.
წინასაარჩევნო კამპანია საქართველოში 8 ივნისს დაიწყო. დამკვირვებლების შეფასებით, კამპანია, თუ არ ჩავთვლით მცირე ინციდენტებს, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.