თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან საპარლამენტოს არჩევნების, ასევე ქართულ-რუსული ურთიერთობების შესახებ იმსჯელეს, აღნიშნულია პრეზიდენტის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნებში მონაწილეობს 19 პარტია და 6 საარჩევნო ბლოკი.
„ეუთოსთან ურთიერთობა უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. მითუმეტეს დღევანდელ დღეს, როდესაც მოახლოებულია არჩევნები. ეუთო განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს წინასაარჩევნო გარემოს და ბუნებრივია, რომ პრეზიდენტთან შეხვედრის ერთერთი მთავარი თემაც სწორედ ეს იყო“, — განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა თენგიზ ფხალაძემ მოლაპარაკებების შემდეგ.
მხარეებმა ასევე იმსჯელეს კავკასიის რეგიონის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ ვითარებაზე.
„განვიხილეთ რუსეთთან ურთიერთობები და მთელი რიგი საკითხები, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის სტაბილურობას, რომელიც ასევე გადამწყვეტია რეგიონის სტაბილურობისთვის“, — განაცხადა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ხოსე იგნაციო სანჩეს ამორიმ.
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ბიუროს მისია, საქართველოს მთავრობის მოწვევით, საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგს 30 აგვისტოდან შეუდგა.