თბილისი, 24 სექტემბერი – Sputnik. ესტონეთის პრეზიდენტობის ვერცერთმა კანდიდატმა ამომრჩევლების კოლეგიაში გამართულ კენჭისყრის მეორე ტურში ხმათა სათანადო რაოდენობა ვერ დააგროვა. არჩევნების პროცედურა თავიდან დაიწყება, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.
მეორე ტურში გასულმა კანდიდატებმა, ევროკომისიის ყოფილმა ვიცე–პრეზიდენტმა, მმართველი „რეფორმისტული პარტიის“ საპატიო თავმჯდომარე სიიმ კალასმა და იურისტმა ალარ იიკსმა, რომელსაც მხარს უჭერდა პარტია Isamaa ja Res Publica Liit („მამულის კავშირი და რეს პუბლიკა“), ასევე „თავისუფალი პარტია“, არჩევნების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ არჩევნებში შემდგომ მონაწილეობაზე უარს ამბობენ.
გამარჯვებისთვის კანდიდატს უნდა მიეღო ამომრჩევლების უმრავლესობის ხმა (50%–ს პლუს 1 ხმა).
იიკსმა და კალასმა პირველ ტურში ყველაზე მეტი ხმები მიიღეს, თუმცა, მეორე ტურში გამარჯვებისთვის საჭირო ხმების რაოდენობა ვერცერთმა ვერ მიიღო. კალასს 138–მა ამომრჩეველმა მისცა ხმა, ხოლო იიკსს – 134–მა. ახლა, 14 დღის განმავლობაში უნდა მოიწვიონ პარლამენტის რიგგარეშე სხდომა და არჩევნების პროცედურა ხელახლა დაიწყება.
ესტონეთში პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევნების ორდონიანი სისტემა მოქმედებს: თავდაპირველად სახელმწიფოს მეთაურის არჩევას პარლამენტი ცდილობს, ხოლო თუ ვერცერთი კანდიდატი ხმათა საჭირო რაოდენობას ვერ დააგროვებს, არჩევნები ამომრჩევლების კოლეგიაში გრძელდება.
ამომრჩევლების კოლეგიაში შედის პარლამენტის 101 დეპუტატი და ადგილობრივი თვითმმართველობების 234 წარმომადგენელი, სულ – 335 ადამიანი.